ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ, პროექტის ფარგლებში -„შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს გიორგი გაგოშიძეს უმასპინძლა.

გიორგი გაგოშიძე შეკრებილ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა. მან ყურადღება ხე-ტყით სწორად სარგებლობის, მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური სააფრთხეების შესახებ გაამახვილა.

გიორგი გაგოშიძემ შეხვედრაზე დასვა საკითხი, რომ ხარაგაულში შეიქმნას საკონსულტაციო ან მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც პერიოდულად შეიკრიბებიან და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით შემოთავაზებულ პროექტებზე იმსჯელებენ.

აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხიდანაა. შეხვედრაზე ის მეუღლესთან, შვილთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა.

კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა გიორგი გაგოშიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.