ამაღამ ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიემგზავრება. ბრიუსელში 24 მაისს გამართავს სპექტაკლს „თანამდევი სული“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე).

თეატრი ბელგიის სამეფოში წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციამ მიიწვია. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო.

„წმ. ილია მართლის სულიერ საგანძურთან ზიარებას უცხოეთში მცხოვრები ქართველი დიასპორისთვის, მისი ახალგაზრდა თაობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სპექტაკლი „თანამდევი სული“, ჩვენი თვალთახედვით, ამ მიზანს ემსახურება,“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტმა, არქიმანდრიტმა დოსითეოზმა (ბოგვერაძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას გამოუგზავნა.

„მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული სპექტაკლის სახით, საქართველოს თეატრალური ხელოვნების ბრიუსელში ჩვენება, სასარგებლო და საინტერესო იქნება არა მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის, არამედ ბელგიის საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ იგი სასარგებლო წვლილს შეიტანს ქართული ხელოვნების ევროკავშირის ქვეყნებში წარმოჩენის თვალსაზრისით,“ – ამბობს კულტურის მინისტრისადმი მიწერილ წერილში ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატალი საბანაძე.

ირინე ჩხეიძე: -ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, ხარაგაულის დიდი წარსულის მქონე, საუკუნის თეატრმა, ქართულ ემიგრაციასთან ერთად აღნიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დიდი ხანია მოწყვეტილია ქართულ რეალობას. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ კვლავ გაიგონონ ილიას სიტყვა, – ის, რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს. შევახსენებთ მათ, რომ სამი უმთავრესი საუნჯე – ენა, მამული და სარწმუნოება, – არ უნდა დაკარგოს არც ერთმა ქართველმა. ეს სიტყვები თითოეული ქართველის გულისგულში გაივლის.

ძალიან მადლიერები ვართ მამა დოსითეოზის. ვიცი, რომ მოუთმენლად გველოდებიან. 26 მაისი ბრიუსელში არ არის დასვენების დღე. ამიტომ ჩვენი სპექტაკლი გაიმართება 24 მაისს – არასამუშაო დღეს. სპექტაკლის შემდეგ ასოციაციამ დაგეგმა კონცერტი და ქართული სუფრის დეგუსტაცია.

ჩვენ იქაურ ანსამბლ „ბარაკონთან“ ერთად ვმონაწილეობთ კონცერტშიც. მეტად საპატიო მისია გვეკისრება. ბრიუსელში ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს.

სპექტაკლი „თანამდევი სული“ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების უმთავრეს მოვლენებს ასახავს. სპექტაკლი იმერეთის რეგიონული და ქემერის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების გრანპრის მფლობელია. სპექტაკლში მონაწილეობენ: ბათუ კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, ნიკო წიკლაური, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, ნინო კაპანაძე და ნათია მეტრეველი. სპექტაკლის ოპერატორია დავით კვირიკაშვილი.

მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.