ხარაგაულში ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და წინასწარი პროექტირების დეტალები განიხილეს. პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად საკონსულტაციო მომსახურების პროექტის კონსულტანტს არი კალიოკოსკის ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობაში, მაჟორიტარი დეპუტატის საკონფერენციო დარბაზში 21 მაისს შეხვდნენ.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის პროექტს ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი, რომელმაც საკონსულტაციოდ დაიქირავა „კოქს კონსალტი.“ როგორც შეხვედრაზე არი კალიოკოსკიმ აღნიშნა, საკონსულტაციო პროექტის განხორციელება 2014 წლის 14 აპრილს დაიწყო და 2014 წლის 13 დეკემბერს დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება გზის რეკონსტრუქცია.

shexverda1

მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი კვლევები: ტექნიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური.

ამ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში და ითვალისწინებს: ასფალტის დაგებას, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქციას, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქციას, გზის გასწვრივ კიუვეტებისა და სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობას იქ, სადაც ამის საჭიროებაა, გზის მონიშვნას და აღჭურვას სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

რეკონსტრუირებული საავტომობილო გზა იქნება ორზოლიანი, 9 მეტრი სიგანის. აქედან 6 მეტრი იქნება ავტომობილების სავალი ნაწილი. იმ ადგილებში, სადაც გზის გაგანიერება ტექნიკურად გართულებულია და განსახლების, მიწის სამუშაოების, დანახარჯების ან ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემატურია, განიხილება გზის შევიწროვების ვარიანტები.

„ჩვენგან მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და წინასწარი პროექტირების წარდგენის შემდეგ დაიწყება დეტალური პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში, – აღნიშნა შეხვედრაზე არი კალიოკოსკიმ.

პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ ამ გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოფელში დამაგრებასაც და დაბრუნებასაც. ეს გზა არის გარკვეული პერსპექტივა ქვეყნისთვის.

„მსოფლიო ბანკთან, ტურიზმის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვმუშაობთ მოლითი-ნუნისისა და სოფელ ზვარის მიმართულებებით საკურორტო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, – ამბობს ნოდარ ებანოიძე, – ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი და ვიზიტორები ამ შესასვლელით მხოლოდ იმიტომ არ სარგებლობენ, რომ ეროვნულ პარკამდე მისასვლელი გზა ცუდ მდგომარეობაშია.“

shexvera3

დეპუტატის შეკითხვას, თუ რამდენად მოხდება სარკინიგზო გზის წიფა-მოლითის გამოთავისუფლებული ტერიტორიის ათვისება საავტომობილო გზისგან, პროექტის კონსულტანტმა არი კალიოკისკიმ უპასუხა, რომ განიხილება ეს ვერსიაც, თუმცა ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, გზის რომელ მონაკვეთებზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ პარალელურ რეჟიმში განხორციელდეს სარკინიგზო და საავტომობილო გზების მშენებლობა.

დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ პროექტის კონსულტანტს აცნობა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მუშაობს ხარაგაული-სარგვეში-ღორეშა-უბისის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის განსახორციელებლად და დაინტერესდა, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ორი საავტომობილო გზის შემაერთებელი ეს 22 კილომეტრიანი გზაც, აზიის განვითარების ბანკისგან დაფინანსებულ ამ პროექტში ჩაერთოს.

პროექტის კონსულტანტმა არი კალიოკოვსკიმ ნოდარ ებანოიძეს მიმართა, რომ აზიის განვითარების ბანკს მიაწოდოს ეს წინადადება განსახილველად.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გოგოლაძე დაინტერესდა, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში რამდენად განიხილება ახალი ხიდების მშენებლობა. მისი თქმით, ამ საავტომობილო გზაზე, წიფასთან, ორ მონაკვეთზე ხიდების აგება მნიშვნელოვნად შეამოკლებს არსებულ გზას.

დეტალური დათვალიერება უმოკლეს პერიოდში მოხდება და არც ახალი ხიდების აგებაა გამორიცხული, – ამბობს კონსულტანტი, – თუმცა, ხიდების მშენებლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ზრდის პროექტის ღირებულებას. ამის მიუხედავად, იქ, სადაც აუცილებელი და საჭიროა, დამატებითი ხიდები აიგება.

ამ ეტაპისთვის განიხილება, რომ პროექტი დაბა ხარაგაულში არსებულ გზაზე განხორციელდეს.

ზაფხულში დეტალურად შეისწავლიან განსახლების საკითხებს. „მაქსიმალურად ვეცდებით, თავიდან ავიცილოთ განსახლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით ამას, – ამბობს არი კალიოკოსკი, – მთავრობას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ საკითხებზე, შემუშავებულია სტანდარტები კომპენსაციებთან დაკავშირებით. ამ პროცესს გააკონტროლებს აზიის განვითარების ბანკი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არავინ დარჩეს ამ მხრივ დაზარალებული.“

ეს შეხვედრა პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ინიციატივით გაიმართა.

ლაურა გოგოლაძე