უბედნიერესია წუთები, როცა შეიტყობ, რომ სტუდენტი ხარ. მეცადინეობაში გათენებული ღამეები გავიწყდება და სამომავლო გეგმებს აწყობ. წელს 174 ხარაგაულელი კურსდამთავრებულიდან 87 სტუდენტი გახდა. მათგან დეა ბერაძე, ნინო მაღრაძე, მიხეილ ღონღაძე, თინათინ გელაშვილი და ნინო ბარბაქაძე სასურველ ფაკულტეტებზე ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხენ.
მიხეილ ღონღაძე ხარაგაულის #3 სკოლის კურსდამთავრებულია, დეა ბერაძე – ბორის სკოლის, ნინო მაღრაძე – ვახანის, თინათინ გელაშვილი – სასულიერო გიმნაზიის, ნინო ბარბაქაძე – კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის. ნინომ კომაროვში სწავლა ხარაგაულის #2 სკოლაში ექვსი კლასის დამთავრების შემდეგ გააგრძელა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხარაგაულელი პირველკურსელებიდან 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს ანა მაჭავარიანმა, მარიამ კიკნაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა), ნია ბერაძემ (ბორის სკოლა), ნონა მაჭავარიანმა (ხარაგაულის #2 სკოლა); 50%-იანი გრანტი მიიღეს ნინო ტალახაძემ, მარიამ შარიქაძემ (ხარაგაულის #3 სკოლა), თამარ გიორგაძემ (ბორის სკოლა), ნინო ხაჩიძემ (ხევის სკოლა), მარიამ ბერიშვილმა (ვარძიის სკოლა) და მარიამ ჭიპაშვილმა (ხარაგაულის #2 სკოლა).
ხარაგაულელი პირველკურსელები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვით განცდილ სიხარულსა და მომავალ გეგმებს გვიზიარებენ.
„შესაძლოა, ახლა თქვენს წინაშე მომავალი ბიზნესმენია, – გვითხრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტმა დეა ბერაძემ, – მას შემდეგ, რაც ჩემმა ოჯახმა ბიზნესსაქმიანობა დაიწყო, მივხვდი, რომ ეს მეც ძალიან მომწონს.
მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით ესტონეთში ვსწავლობდი და ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ვემზადებოდი. ამიტომ ბოლო წელი თავაუღებლად ვმეცადინეობდი. სტუდენტობა მამამ ამერიკიდან მომახარა. დილაადრიანად დამირეკა, გილოცავ, ჩემო ასპროცენტიანო, სტუდენტობასო.
ნინო მაღრაძე თსუ-ს ISET-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ყველა საგანს ინგლისურ ენაზე ისწავლის. ინგლისური ენა დამოუკიდებლად, ძირითადად ინტერნეტით შეისწავლა. ეკონომისტობა მათემატიკის სიყვარულით აირჩია. ვახანიდან ხაშურში რომ მოსამზადებლად დადიოდა, მგზავრობისას მობილური ინტერნეტით ონლაინ კონკურსებშიც ერთვებოდა. ნინო დემოკრატიული ინიციატივის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ გამარჯვებულია.
თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლა თინათინ გელაშვილმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პირველ კურსზე განათლებას ყველა საგანში მიიღებს. ერთი წლის შემდეგ კი სასურველ პროფესიას შეარჩევს. თინათინი თვლის, რომ მის წარმატებაში დიდი როლი ოჯახის წევრებმა, მასწავლებლებმა და მეგობრებმა ითამაშეს.
კომაროველი ნინო ბარბაქაძე თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას დაეუფლება. ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო. თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ 100%-იან გრანტს მოიპოვებდა. ნინო მიიჩნევს, რომ პროფესია ისე უნდა აირჩიო, მოთხოვნადიც იყოს და საქმესაც სიხარულით აკეთებდე. ის მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. ძალიან უყვარს სიახლეები და მუდამ მზადაა ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.
„ვაპირებ ვიყო ეკონომისტი იურიდიული განათლებით, – ამბობს თსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელი მიხეილ ღონღაძე, – ფაკულტეტის არჩევისას რჩევა მამას ვკითხე. ბოლო ერთი წელია, რაც თბილისიდან ხარაგაულში სასწავლებლად გადმოვედი. აქაურმა მშვიდმა გარემომ ხელი შემიწყო, რომ კარგად მემეცადინა. ვფიქრობ, სკოლაში თანმიმდევრულად მიღებული ცოდნითაც შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. მოსწავლეს სკოლა უნდა აძლევდეს მიმართულებას, ეროვნული გამოცდებისთვის როგორ მოემზადოს, უნარ-ჩვევებში როგორ იმეცადინოს. მიდგომებია შესაცვლელი“.
ნონა მაჭავარიანი თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სურს პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და ამისთვის თავდაუზოგავად შრომას აპირებს. ნონა მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში წვლილი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი – ქართული ენის პედაგოგ ნინო ბარბაქაძეს მიუძღვის.
ბავშვობიდან სამართალმცოდნეობაზე ოცნებობდნენ ანა მაჭავარიანი, ნია ბერაძე, მარიამ კიკნაძე და ნინო ხაჩიძე. ეს ოცნება მათ ცხოვრების მიზნად დაისახეს.
ანა მაჭავარიანი სისხლის სამართლის ადვოკატობას აპირებს, რადგან ადამიანის უფლებების დაცვას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს. ცოტა გული წყდება – რამდენიმე მექანიკური შეცდომა რომ არ დაეშვა, 100%-იან გრანტსაც მოიპოვებდა. აბიტურიენტობამ ანას დროის სწორად განაწილება ასწავლა, თუმცა, რამდენჯერმე მეცადინეობისას თავზეც დასთენებია.
სამართალმცოდნეობას თავისუფალ უნივერსიტეტში დაეუფლება ნია ბერაძე. ბავშვობიდან საგამოძიებო ლიტერატურა აინტერესებდა. ნიას დედა სასამართლოში მუშაობს და ზოგჯერ სასამართლო პროცესებსაც აკვირდებოდა.
მეხუთე კლასში „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ რომ წაიკითხა, მას შემდეგ მარიამ კიკნაძე გამომძიებლობაზე ოცნებობს. მიზნისკენ მიმავალი პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა – თსუ-ში სამართალმცოდნეობას დაეუფლება. მარიამი მიიჩნევს, რომ აბიტურიენტობისას დრო მაქსიმალურად სწორად გადაანაწილა და ამიტომ მეგობრებთან გართობასაც ახერხებდა და საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციაზე წასვლასაც. მარიამი ფიქრობს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნითაც შესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება. იმის მიუხედავად, რომ ქართული ენის გრამატიკა სკოლებში აღარ ისწავლება, მარიამს და მის თანაკლასელებს მასწავლებელი ქეთევან ჩაჩანიძე სისტემატურად ამეცადინებდა. სკოლაში მიღებული საფუძვლიანი ცოდნა ნინო ბარბაქაძესთან დამატებითი მეცადინეობისას განიმტკიცა. საგამოცდო შედეგმა კი თავადაც ძალიან გაახარა და მისი მასწავლებლებიც. ესეში მარიამმა მაქსიმალური ქულა დაიმსახურა. ბედნიერია, რომ მომავალ აბიტურიენტებს ნინო მასწავლებელი მარიამის ესეს, როგორც საუკეთესო ნამუშევარს, გააცნობს.
ხეველი ნინო ხაჩიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. შრომითა და მონდომებით, დასახულ მიზანსაც მიაღწია და მშობლების იმედებიც გაამართლა. ნინო ხევის სკოლის მასწავლებლების მადლიერია და დარწმუნებულია, რომ მისით მომავალში ხშირად იამაყებენ. სტუდენტობითა და გრანტით გამოწვეული პირველი სიხარული გაუზიარა მამას, რომელიც ყველა გამოცდაზე მიჰყვებოდა.
მარიამ ჭიპაშვილი თსუ-ში ინგლისურ ფილოლოგიას დაეუფლება. ეს პროფესია მან მასწავლებლის, მარიკა გოლუბიანის გავლენით აირჩია. ოჯახთან ერთად ზღვაზე ისვენებდა, გამოცდების საბოლოო შედეგი რომ შეიტყო. პლაჟზე მყოფი დამსვენებლები მარიამის წარმატებას ტაშით შეხვდნენ.
თანამედროვე მეთოდებით სწავლება, ახალგაზრდა ლექტორები, გამართული ინფრასტრუქტურა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარიამ შარიქაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. ის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მარიამს მოსწონს თარჯიმნობა, თუმცა, მისთვის სკოლის მასწავლებლობაც საინტერესოა.
ტურიზმის ან საბანკო საქმის დაუფლებას აპირებს თამარ გიორგაძე. ილიას უნივერსიტეტში ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მართალია, აბიტურიენტობამ ძალიან დაღალა, გამოცდებისთვის ზესტაფონში ემზადებოდა, მაგრამ სტუდენტობით გამოწვეულმა სიხარულმა ყველაფერი დაავიწყა.
მარიამ ბერიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ისწავლის. მარიამი თვლის, რომ სკოლაში მიღებული საფუძვლიანი ცოდნა სავსებით საკმარისია ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად; მას სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის სიძნელეები არ აშინებს.
ნინო ტალახაძე თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ორი ადამიანი – დედა და ბებია ასრულებს, – ამბობს ნინო, – ორივე გამუდმებით ,,ჩამჩიჩინებდნენ,“ რომ სწავლისთვის მეტი ყურადღება დამეთმო. მალე სტუდენტურ ცხოვრებას დავიწყებ და ყველას დავუმტკიცებ, თუ რა შემიძლია“.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი