ხარაგაულში, სოფელ ვახანში ტრადიციული დოღი და ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა. 

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, დოღში ვახანელმა გოგა ფერაძემ გაიმარჯვა, ქართულ ჭიდაობაში კი აბსოლუტური ფალავანი ზესტაფონელი უჩა ტაბატაძე გახდა.

ჭიდაობის ტურნირი წელს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში 2004-2006, 2007-2009 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებთან ერთად უფროსი ასაკის მონაწილეებიც ჩაერთვნენ.

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დოღი ვახანში 1989 წლიდან იმართება და როლანდი არევაძის სახელს ატარებს, ხოლო ქართული ჭიდაობის ტურნირი, მეშვიდე წელია, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერის, მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება.

დოღი და ჭიდაობის ტურნირი ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების, სოფლის აქტივისტების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე), სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) მხარდაჭერით ტარდება.