სარემონტო სამუშაოებს შპს  „ლაკა 2014“ ასრულებს.  კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლის მერაბ კეკელიძის ინფორმაციით, ამჟამად სრულად რემონტდება სკოლის ორივე სართულის დერეფნები, სპორტული დარბაზი და ორი საკლასო ოთახი. ნაწილობრივი რემონტი ჩაუტარდება სკოლის თერთმეტ საკლასო ოთახს. მისივე თქმით, სამუშაოები 10 სექტემბრისთვის დასრულდება.

ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორის მარინე ხვედელიძის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსაწესრიგებელი რჩება სკოლის ღობე და ეზო. შესაცვლელია სკოლის სამივე კიბე. რეაბილიტაცია ესაჭიროება კიბის უჯრედის კედლებს, სამასწავლებლოს, ადმინისტრაციის ოთახებსა და რამდენიმე საკლასო ოთახს.

„სკოლა ახალი გადახურულია, თუმცა რამდენიმე ადგილას სახურავსაც სჭირდება შეკეთება. იმედს ვიტოვებთ, რომ დარჩენილი პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება“, – ამბობს მარინე ხვედელიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ამ სკოლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვას ტენდერით აპირებდა. ტენდერი, მასში მონაწილე ერთადერთი ორგანიზაციის შპს „ლაკა 2014“ დისკვალიფიკაციის გამო, უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მუნიციპალიტეტმა შპს „ლაკა 2014“-თან ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვით, 99 679 ლარზე მაინც გააფორმა.

მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ზურაბ იჩქიტიძე განმარტავს, რომ დისკვალიფიცირებულ შპს „ლაკა 2014“- თან, შესყიდვების სააგენტოს თანხმობით, ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაფორმდა.