ამ წუთებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან.

დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულისთვის“ მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენი გაზეთისა და ვებგვერდის მკითხველი დაგვიკავშირდა და დაინტერესდა, რამდენად გვქონდა ინფორმაცია დღევანდელი შეხვედრების შესახებ.

როგორც გავარკვიეთ, უკვე გაიმართა შეხვედრები სოფელ ვარძიასა და ზვარეში.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ მოსახლეობას ხვდებიან იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, პარლამენტარი ზვიად ძიძიგური, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე.

„ისინი მოსახლეობას აქტუალურ საკითხებზე ესაუბრებიან და არკვევენ, თუ რაში სჭირდებათ მათ ხელისუფლების დახმარება, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – მოსახლეობამ ვარძიაში საშეშე მერქანის მოპოვებისა და დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. განათლების მინისტრის მოადგილე ვარძიისა და ზვარეს სკოლების პრობლემებს გაეცნო“.

ჩვენს შკითხვაზე, როგორ დამუშავდება მოსახლეობისგან ხელისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და რა დოკუმენტის სახეს მიიღებს, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა: „გუბერნიაში შექმნილია ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც პრობლემატურ საკითხებს ინიშნავენ, მერე ალბათ გაივლიან და მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას. განათლების მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას უთხრა, რომ სექტემბრიდან სკოლის დირექტორებსა და ტექპერსონალს ხელფასები მოემატება, ხოლო პენსიონერ პედაგოგებს სკოლებიდან ღირსეულად გააცილებენ“.

რატომ არ იყო დამოუკიდებელი მედიაგამოცემა „ჩემი ხარაგაული“ ინფორმირებული ამ შეხვედრების შესახებ, – ჩვენს ამ შეკითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ გვიპასუხა: „ამ შეხვედრების ორგანიზატორი მერიაა. სექტემბრიდან კიდევ იგეგმება შეხვედრები, პირადად ჩავერთვები მაგ საკითხში, პირადად დაგირეკავთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრებზე დამოუკიდებელი მედიის ჩართულობა მოქალაქეებისგან ხელისუფალთა დაპირებების გაკონტროლების საუკეთესო შესაძლებლობაა.

ფოტოზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარძია