აგვისტოს ბოლო დეკადაში მაღალი ტემპერატურაა პროგნოზირებული.

მაღალი ტემპერატურა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას, თუმცა რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და მეტი ასაკის პირები;
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები;
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები;
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები;
  • გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის ძლიერ გამოყოფასა და თერმორეგულაციაზე;
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები;
  • მაღალი ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები და ა.შ.)

საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებულ იქნას ხუთი ძირითადი მიმართულებით:

  1. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა.
  • დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით.
  1. თავი აარიდეთ სიცხეს

  • შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას.
  • დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას.
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
  1. გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვ.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
  1. დაეხმარეთ სხვებს

  • ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მარტონი არიან.
  • ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც.
  • თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად.
  • თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
  • თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.
  1. როგორ უნდა მოიქცეთ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ

  • თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
  • თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
  • თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
  • მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.

წყარო