ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

ამ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.

მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი – ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლებიდან ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე საპენსიო ასაკს მიღწეული 56 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, სკოლებმა კონკურსი 42 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადეს. დანარჩენ ვაკანსიებზე სკოლებს ჰქონდათ რესურსი და მასწავლებლები შიდა კონკურსებით შეარჩიეს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ვრცლად