რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და გზების დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„მაგისტრალური გზების მშენებლობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და აღმოსავლეთ დასავლეთის ავტომაგისტრალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს მარშრუტი იწყება წითელი ხიდან და შეადგენს 430 კილომეტრს სარფამდე. ამ დროისთვის,  200 კილომეტრი ჩქაროსნული გზა აშენებულია და 140 კილომეტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

წელს სამუშაოები დაიწყო ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, როგორიც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია. დღეის მდგომარეობით სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს ორ, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ხელშეკრულება ფორმდება, ასევე მე-4 შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები აგვისტოში გაიხსება და წლის ბოლომდე გაფორმდება ხელშეკრულება.

2020-2022 წლებში ეტაპობრივად მოხდება ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთების ექსპლუატაციაში შეყვანა და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე.

საბოლოდ, წითელი ხიდიდან-სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული მანძილი მოკლდება 30 კილომეტრით და არსებული მგზავრობის დრო ფაქტობრივად ნახევრდება. წითელი ხიდან-სარფამდე მგზავრობა ნახევარ დროში, უსაფრთხო საგზაო მოძარაობის პირობებში იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა ღონისძიებაზე ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-ია და ერთ-ერთი რთული მონაკვეთია, მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას.

წყარო