გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით წყალტუბოში „იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ გაიმართა.

აგროფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმერეთის  რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ  და შეეძინათ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი – ღვინო, თაფლი,  მოცვი, ჩირი,  ბოსტნეული,  რძის პროდუქტები და სხვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან აგროფესტივალში მონაწილეობდნენ კოოპერატივები – „სარგო“ „მეღვინეობა კიცხი“, „ვარძია“, საკალმახე შპს „ლომისმთა.“ საკუთარი პროდუქცია წარადგინა მეღვინე სოსო სხილაძემ, ხალხური რეწვის ნიმუშები კი – ნათია ჩანქსელიანმა.

„მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, – ამბობს „სარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი, – ფესტივალზე საწარმოში დამზადებული მაწონი, რძე, ყველი და იოგურტი წარვადგინეთ. ყველა პროდუქტი წარმატებით გაიყიდა. მოწონება დაიმსახურა „მეღვინეობა კიცხის“ ღვინომ და „ვარძიის“ თაფლმა. ასეთი ფესტივალები ჩვენი ცნობადობის გაზრდას ხელს უწყობს.“

აგროფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო. აგროფესტივალის მიზანი ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციაა.