

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი ხარაგაულში ომში დაღუპულთა მემორიალთან საზეიმოდ აღინიშნა.
ხარაგაულელი მეომრები მეორე მსოფლიო ომში გამოირჩეოდნენ გმირული თავგანწირვითა და შემართებით. ფრონტზე ხარაგაულიდან 5 706 პიროვნება იბრძოდა. შინ ვეღარ დაბრუნდა 2 704 მებრძოლი.
ექვს ხარაგაულელს – დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავას და შოთა გამცემლიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულელი მებრძოლები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი სულაქველიძე, ზაქარია სულაქველიძე და მიხეილ სებისკვერაძე.
დღეს ხარაგაულელი ომის ვეტერანებიდან ცოცხალია 27 პირი. მემორიალთან 9 მაისის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ სამმა მათგანმა შეძლო. ვეტერანებს – ჟორა ბლუაშვილს, შაქრო მაღლაფერიძეს და პეტრე ჩიკვაიძეს მოწიწებით შეეგებენ სკოლის მოსწავლეები და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები.
ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ის ადამიანები მოიგონა, რომლებიც წლების წინ გმირთა მემორიალთან მრავლად იკრიბებოდნენ. „მეორე მსოფლიო ომი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ადვილი გასაგებია, თუ რისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები. მათი მიზანი იყო სამშობლოს, საქართველოს გადარჩენა. მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიმარჯვა ფაშიზმზე,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
შეკრებილთ მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მიესალმა:
-უამრავმა ქართველმა თავი დადო იმისთვის, რომ ქვეყანას აშორებოდა ფაშიზმის საშინელება. ალბათ, ხარაგაულში იშვიათია ოჯახი, რომელსაც არ ჰყავს ომში წარგზავნილი მებრძოლი. საქართველოს ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებითაა სავსე. ეს კი ღირს სიცოცხლის გაწირვის ფასად.
ომის ვეტერანმა ჟორა ბლუაშვილმა მადლიერება გამოხატა შეკრებილი საზოგადოების მიმართ. „გუშინ ექვსი ვეტერანი დამპირდა მოსვლას, მაგრამ მხოლოდ სამნი მოვედით. გაისად, ალბათ, უფრო ნაკლები ვიქნებით. ხარაგაულმა დიდი წვლილი გაიღო ფრონტზე. 27 მებრძოლიდან, რომლებიც დღეს ცოცხლები ვართ, მხოლოდ სამია 89 წლის, დანარჩენები 90 წელზე მეტი ხნისა ვართ. ჩვენ შორის ყველაზე უხუცესია 94 წლის ბიჭიკო ავალიშვილი. მადლობა ყველას, ვინც გულით მოგვილოცეთ. 9 მაისი უდიდესი დღესასწაულია. მინდა მივესალმო მომავალი, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის მონაწილეებს.“
9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე. ღონისძიება სიმღერებით გაალამაზეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე) და მომღერალმა თიკო ჯანიაშვილმა.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“