ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალური ქსელით საქართველოს მთავრობას მიმართავს:
– დღეს რომ ქუჩაში ახალგაზრდები დგანან ჩვენი შვილებია, რომლებიც იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში სიმწრით გამოვზარდეთ – „ირანულ კერასინკაზე”“ ლამფის შუქზე, გახუხულ პურზე, წყალ-წყალა ბორშზე, ნამცხავრზე – „სიგუა“. შიშში ვაცხოვრეთ და ვიცხოვრეთ, რადგან ჩვენს თვალწინ ქუჩურ, უბნურ და სამოქალაქო დაპირისპირებებში, ჩვენი თაობის უამრავი ადამიანი ლამის ყოველდღიურად იღუპებოდა.
ეს ახალგაზრდები ჩვენი სიმწრით გამოზრდილი შვილები არიან! როგორ გავუძელით ამას?! როგორ შევძელით წამოგვეჩიტა ჩვენი შვილები, გვესწავლებინა, დაგვეცვა, გვყვარებოდა სიცოცხლე მათთან ერთად?! რა გვაძლევდა ძალას? როგორ ფიქრობთ, რა გვაძლევდა?! – ჩვენ ვიცოდით, რისთვის ვიტანდით ამ ყველაფერს, ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდ ბრძოლაში ჩავერთეთ. უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან ქუჩაში გადავინაცვლეთ და დავუპირისპირდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც იდგა დიდ ტყუილზე, სადაც ჩვენი ეროვნული იდენტობა და სამშობლო, როგორც ასეთი, ჩაკარგული იყო საბჭოთა იდეოლოგიის ბნელ მარწუხებში.
ჩვენ უნდა გვეფიქრა, გვეაზროვნა, გვეგრძნო და გვემოქმედა ისე, როგორც ფიქრობდა, აზროვნებდა, გრძნობდა და მოქმედებდა ეს უზარმაზარი, 15 რესპუბლიკის ერთობისაგან შემდგარი მონსტრი – საბჭოთა კავშირი. მაშინ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის საზღვრები პირველად შევიგრძენით და „შემოვავლეთ“ ჩვენსავე სურვილებს – გვეცხოვრა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თავს ადამიანებად გრძნობენ, აქვთ თავისი ენა, კულტურა და ისტორია, სადაც აღარ იარსებებდა რუსეთის მიერ გამოგონილი და ძალადობრივად შეთითხნილი „ჩვენ საბჭოთა ხალხი“!
ამ სულისკვეთებამ გადაგვატანინა ის წლები და მოგვცა ძალა, დაგვეზარდა შვილები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში მოკალათებული ადამიანები ბევრს საკუთარ კეთილდღეობასა და ძალაუფლებაზე ფიქრობდნენ და ნაკლებს „საწყალ ხალხზე“ და ქვეყანაზე, კორუფციამ, ძალაუფლებით ტკბობამ, მუდმივმა ორ პოლუსიანმა, დამახინჯებულმა პოლიტიკურმა სისტემამ არანაკლები ზიანი მიაყენა ამ ქვეყანას, ვიდრე ყველა მტერმა, ვინც კი ოდესმე გვყოლია.
დღეს თქვენს პირისპირ ჩვენი შვილები დგანან. ისინი სამართლიანად აუჯანყდნენ სისტემას, რამაც თავდაყირა დააყენა მთავარი საზრისი, რითაც ჩვენ ისინი გამოვზარდეთ – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის ღირსება!
თქვენ მათ ბოროტად ებრძვით. ჯერ თვალები დასთხარეთ. დაასისხლიანეთ და მათზე ნადირობა გამოაცხადეთ და ახლა ცდილობთ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიოთ, ცილი დასწამოთ, ათასი სიბინძურე მიაწეროთ, ათასი ბოტი და ბოროტი პროპაგანდისტული მანქანა მიუსიოთ. თქვენ მათ ხმას კი არ ისმენთ, ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადახვედით და კარგად აამუშავეთ „გაღმა შედავების პოლიტიკა“, უტიფრად აკეთებთ იმ საქმეს, რაც ასე ეამება ჩვენს დიდ მტერს, აგრძელებთ მათ დასჯას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ცხვრებივით ითვლით ყოველ დღე, დასცინით და ცდილობთ მოუკლათ ის საზრისი, რომლითაც ჩვენ გამოვზარდეთ. გინდათ გატეხოთ მორალურად, თავისივე თანატოლები შეუსიოთ, დაუპირისპიროთ უფროსების თაობას, ნათლავთ „ნაცებად“, „გეებად“, „ნარკომანებად“ და აღვიძებთ ხალხში თქვენსავე ჩანერგილ „ცხელ წერტილებს“.
ფრთხილად! თქვენს წინ დგას ამ ქვეყნის მომავალი! თქვენი შვილების მომავალი! საკმარისია, რაც უკვე ატკინეთ!
შენ უნდა წახვიდე, გახარია!
და გაიგეთ თქვენ მანდ, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რომ ეს ქვეყანა ჩვენია! ვერ ჩაიდებთ ამ ქვეყანას ჯიბეში, კი პატარაა, მაგრამ საკმაოდ დიდი და მფეთქავი გული აქვს!
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი