
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“ პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ინფორმირებულობა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა აღრიცხვა და მათი საჭიროებების დადგენა.
ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ 2014 წლიდან შშმ პირთა მხარდაჭერისათვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. 2014 წელს ორგანიზაციამ შშმ პირებისათვის ხატვის კონკურსი გამართა, პროექტის „ჩემი შესაძლებლობები შეუზღუდავია“ ფარგლებში, 2016 წელს ორგანიზაციის მხარდაჭერით ხარაგაულში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე კონფერენცია „ფიზიკური გარემოს მიღმა“ გაიმართა; 2018 წელს – პროექტი „ჩვენ აქ ვართ“, რომელიც 18 წლამდე შშმ პირთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მშობელთა უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
პროექტის „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში გათვალისწინებული 14 საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხევი, ნადაბური, ვარძია, ხიდარი, მოლითი, ზვარე, წიფა, სარგვეში, ღორეშა, ვახანი, ვერტყვიჭალა, ბორითი, კიცხი, დიდვაკე) უკვე ჩატარდა. მასზე მოსახლეობა იმ პრობლემურ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც შშმ პირებს ან ზოგადად სოფლის მოსახლეობას აწუხებს. შეხვედრებს შშმ პირთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ხეველები თვლიან, რომ სახელმწიფოსგან შემოთავაზებული უამრავი პროგრამის მიუხედავად, შშმ პირები საკუთარ თავს საზოგადოებისაგან გარიყულად თვლიან. მათი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იმუშაონ.
ხევის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი ამბობს, რომ ხევის სკოლაში რამდენიმე სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლე სწავლობს. „მშობლებსა და პედაგოგებს ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდებათ, რომ მათთვის უფრო იოლი იყოს სსმ ბავშვთან ურთიერთობა. გვყავს სსმ მოსწავლე, რომლის მშობელს ბავშვის საჭიროებების თემაზე ვერც კი დაელაპარაკები. ამიტომაცაა აუცილებელი ფსიქოლოგის კონსულტაცია“, – ამბობს გვანცა ხადილაშვილი.
სკოლებში ფსიქოლოგის მომსახურების აუცილებლობაზე ასევე საუბრობს ხევის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა ნოზაძე.
ვახანელი ნინო ფერაძე, შშმ პირის დედა, ამბობს, რომ შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა შესაცველი. „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩემი შვილის მისამართით ხშირად გამიგონია, – ეს ბავშვი აქ რას ამოგყავდა, აქ რა უნდაო. ასეთი დამოკიდებულების გამო ზოგიერთი მშობელი შშმ შვილებს მალავს. ვიცნობ მშობლებს, რომლებსაც ასეთი შვილები სამკურნალო დაწესებულებებს მიაბარეს და მეზობლებმა ბავშვის არსებობა არც კი იციან. შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია დიდწილად მშობელზეა დამოკიდებული“, – ამბობს ნინო ფერაძე.
ვარძიაში შეხვედრაზე იმყოფებოდა შშმ პირის დედა იზაბელა ჭუმბურიძე, მისი ცერებრალური დამბლის მქონე შვილი, ოჯახის ხელშეწყობითა და მკურნალობით, ველოსიპედსაც კი ატარებს, თუმცა მისთვის დახმარება მაინც აუცილებელია. იზაბელა ჭუმბურიძე სახლში გადაადგილების საშუალებების მოწყობაში დახმარებას ითხოვს, რომ ბავშვი ეტლით მოსარგებლე არ გახდეს.
ვარძიელები სოფლის ძირითად პრობლემად საუბნო გზების მოუწესრიგებლობას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ საუბნო გზებზე გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმების შემდეგ, ძალიან ჭირს.
ზვარეს მოსახლეობა საკუთრების დარეგისტრირების უფლებების პრობლემები აწუხებთ. მათი თქმით, რკინიგზის მშენებლობის არეალში მათი კუთვნილი მიწები ხვდება, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიწის დარეგისტირებას ვერ ახერხებს.
მოლითში, ვერტყვიჭალასა და ბორითში გამართული შეხვედრების მონაწილეები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევენ. ისინი თვლიან, რომ ხარაგაულში დღის ცენტრი რამდენიმე სოფელში უნდა ამოქმედდეს. ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის აუცილებელია.
მერის წარმომადგენელი ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითიძე ნადაბურის უმთავრეს პრობლემად სოფელში სამედიცინო მომსახურების არქონას ასახელებს და ამბობს, რომ ნადაბურს ექთანი აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს.
დიდვაკელები ივლისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვენ.
„მოსახლეობასთან შეხვედრებზე გამოკვეთილი საკითხები დაჯგუფდება და ივლისში განმეორებით შეხვედრებზე კვლავ გავაცნობთ მოსახლეობას, მათ მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ საკითხებს კი მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას წარვუდგენთ, – ამბობს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე, – თითოეულ შეხვედრაზე მონაწილეები თავიანთ მეზობლად მცხოვრები შშმ პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ კითხვარს ავსებენ. ამით ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენი შშმ პირია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ასევე შშმ პირთა ოჯახის წევრები შეხვედრებზე ავსებენ ანკეტას, რაც მათი საჭიროების უკეთ გაცნობაში გვეხმარება. თითოეულ შეხვედრას იმაზე საუბრით ვიწყებ, რომ თუ სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად თითოეული მცხოვრები არ გააქტიურდა, მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა ნაყოფს ვერ გამოიღებს“, – ამბობს რუსუდან გურგენიძე.
პროექტი „ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა გზა წარმატებისკენ“ „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – მამა ზაქარია (ფერაძე)
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო