მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით მეფუტკრე ლაშა გურგენიძე ამჟამად საფუტკრეში ჩასატარებელ სამუშაოებზე საუბრობს:

-ღალიანობის, ანუ თაფლის მიღების პერიოდი იწყება მაშინ, როცა აკაცია აყვავდება. სამწუხაროდ, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა და ყინვამ აკაცია და ხურმა-კარალიოკი მოყინა. კუნელას, ჭენჭკეტასა და პატარ-პატარა ყვავილებისგან მიღებული თაფლი კი ფუტკრის ბარტყის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ფუტკრის კვება ვაჟინით (სიროფი) და მკურნალობა. კანდი რომ ჰქონდეს ახლა მეფუტკრეს, უფრო დაზღვეული იქნებოდა. თუ რამდენიმე დღეს ცუდი ამინდები დაიჭირა, ფუტკარი ჩაიკეტება და ბარტყი შეწყვეტს განვითარებას. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ მანამ, სანამ ცაცხვი და წაბლი აყვავდება.

mefutkre

ახლა არის საშიშროება ჩაკირვის ანუ სოკოვანი დაავადება ასკოსფეროზის განვითარების. მოგეხსენებათ, თაფლი სადეზინფექციო საშუალებაა და როდესაც ფუტკარი მას უჯრებში ასხამს, სოკო ვეღარ განვითარდება. ვინაიდან ახლა თაფლი უჯრაში ვერ ხვდება, ძალიან დიდი შანსია ასკოსფეროზის განვითარების. გავიმეორებ მკურნალობის წესს: ხუთ ლიტრ სიროფში უნდა აურიოთ ერთი დიდი თავი დაჭყლეტილი ნიორი და მისცეთ ფუტკარს ყველა კვების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატი ასკოვარი.

მეფუტკრეებს ვურჩევ, დაიცვან სკები ინფექციური დაავადება სიდამპლესგან. ეს დაავადება შარშან დაფიქსირდა. არ ჰგავს ევროპულ და ამერიკულ სიდამპლეს, მაგრამ ფუტკრის განვითარებას ხელს უშლის. ანტიბიოტიკების გარდა ამ დაავადების საწინააღმდეგო სხვა საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს.

მეფუტკრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ახლა დაიწყება ფუტკრის ინტენსიური ნაყრიანობა. ფუტკარი ვითარდება, მაგრამ ვერ მოაქვს თაფლი, სკაშია მოქცეული. შეივსება სკა და გააკეთებს ნაყარს. უნდა ვარეგულიროთ ეს პროცესი. მეფუტკრეებს შეუძლიათ მაღალი კორპუსები დაადგან სკას დიდი ბუდის ჩარჩოებით, სადაც დედა ფუტკარი კვერცხს დადებს. წაბლის აყვავებისას მეფუტკრეს ახალი ოჯახი ეყოლება.

თუ ვერ მოგვიტანს ფუტკარი თაფლს, მაშინ უნდა ვიმუშაოთ მის გამრავლებაზე. ამისთვის კი ინტენსიურად უნდა მივაწოდოთ სკას საკვები. სავარაუდოდ, ორი კგ თაფლი სჭირდება ერთი დედის გამოყვანას. ეს დაახლოებით 4-5 ლიტრი სიროფია. როგორც ჩვილ ბავშვს ვუვლით, ისე უნდა მოვუაროთ ახლა დედა ფუტკარს, რომ შედეგი მივიღოთ. არ არის კატასტროფა, რომ არ აყვავდა აკაცია. ყველა მეფუტკრეს ვურჩევ, იმუშაონ ფუტკრის გამრავლებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მეფუტკრე ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.