18 წლის წინ ხარაგაულელმა შოთა ხარატიშვილმა ანდრიაობას, 12 მაისს, მთა რკინისჯვარი მარტომ მოილოცა.

შემდეგ სურვილი გაუჩნდა, რომ პილიგრიმული ტური დაეფუძნებია. რკინისჯვარზე წასვლის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. შოთა ხარატიშვილს ანდრიაობას რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიციასა და ხარაგაულში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრე.

-რატომ გადაწყვიტე პირველად რკინისჯვარზე ასვლა?

-ბუნების სიყვარულმა და იმ ჯვრის ტარებამ, რასაც მართლმადიდებლობა ჰქვია, 18 წლის წინ გადამაწყვეტინა, რომ 12 მაისს მარტო ავსულიყავი რკინისჯვარზე. ის ადგილი მოვილოცე, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა ჯვარი აღმართა. ამით მინდოდა მადლობა გადამეხადა იმ წმინდანისთვის, რომელსაც ქართველი ერი უაღრესად უნდა აფასებდეს. მისი წყალობით საქართველო, ორი ათასი წელია, ქრისტიანული ქვეყანაა.

მეორე წელს რკინისჯვარზე მე და ჩემი მეგობარი ლაშა თაბუკაშვილი წავედით. ტურის გაფართოებას ხარაგაულელი ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე ვერ შევძლებდი.

უკვე 16 წელია, 12 მაისის დილას ემოციებით ვხვდები. საქმეები გადანაწილებული გვაქვს და მთელი დღე ერთმანეთს ვეხმარებით. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ყოველ წელს ერთ ახალგაზრდას ვიმატებთ.

-რატომ გადაწყვიტეთ, ლაშქრობა მასშტაბური გაგეხადათ?

-ლაშქრობის მსურველთა რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველ წელს გვემატებოდა მომლოცველები და მანქანების დამატება აუცილებელი გახდა. თუმცა, მოლაშქრეთა რიცხვი შეზღუდულია და ტრანსპორტის რაოდენობაზეა დამოკიდებული. წელს 450 ადამიანი წავიყვანეთ. ამ პროექტში თავდაცვის სამინისტრო, საპატრიარქოს თხოვნით, ოთხი ავტომანქანით გვეხმარება. დანარჩენ მაღალგამავლიან მანქანებს ხარაგაულში ვიძიებთ.

ლაშქრობის მასშტაბების გაზრდის მთავარი მიზანი ხარაგაულის პოპულარიზაციაა.

-რა არის ყველაზე დიდი რისკი ამ ტურში?

-ამ ტურის განსაკუთრებულება ისაა, რომ მრავალმხრივია. ლაშქრობა არის პილიგრიმული, სანახაობრივი და ექსტრემალური. ყველა მსურველს ვუხსნით რისკებს, – რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ექსკურსია ან სასიამოვნო მგზავრობა. რეალურად, ძალიან რთული ტურია. თავიდან ტურში მონაწილეობა მხოლოდ ბიჭებს შეეძლოთ, მაგრამ დიდი მოთხოვნის საფუძველზე, დაახლოებით ექვსი წლის წინ, გოგონებმაც შეძლეს რკინისჯვარზე წამოსვლა.

-2020 წელს გაზრდით თუ არა მოლაშქრეთა რაოდენობას და რა სიახლეებს შესთავაზებთ მათ?

-წინასწარ ყოველთვის ვერიდებით „ფეისბუქ ივენთის“ გამოქვეყნებას. წელს ინფორმაცია სოციალურ ქსელში 6 მაისს გავავრცელეთ. ორი რეგისტრატორი გვყავდა – ბერიკა ებანოიძე და სოსო დავაძე. მათ ორ დღეში 450 ადამიანი დაუკავშირდა და უკვე 8 მაისის საღამოს რეგისტრაცია შევწყვიტეთ. ამის შემდეგ 400-ზე მეტ მსურველს უარი ვუთხარით.

მთავარია პროცესების სწორად მართვა. ჩვენი სურვილია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შევძლოთ რკინისჯვარზე ყველა მსურველის ტრანსპორტირება.

-ხომ არ გაქვთ ხარაგაულში სხვა ტურის მოწყობის იდეა?

-არის სხვადასხვა იდეები, მაგალითად „თამარის გზა“, რომელიც შემოდგომის ლაშქრობაა და ჯერჯერობით მხოლოდ სამჯერ მოვილოცეთ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებით სანახაობრივია შემოდგომაზე. ამიტომ მინდოდა, ამ პერიოდში დაგვეგეგმა რაიმე ტური. ეროვნული პარკისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა წმინდა ადგილია. აქედან შვიდი ეკლესიაა, ერთიც – რკინისჯვარი. პირველად მე, გიორგი ტყეშელაშვილი და ვალერი შარიქაძე წავედით ამ ლაშქრობაში. ლაშქრობის ადგილები შემდეგია: კახორის ეკლესია, ქვაზვინების ეკლესია, რკინისჯვარი, მეღრუკის ფიქალა, ლომის მთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წიფლნარი, ნასოფლარის ეკლესია და ტბა. ეს ადგილები ცხენებით დავლაშქრეთ და ამისთვის ორი დღე და ერთი ღამე დაგვჭირდა. ფეხით მსვლელობის შემთხვევაში მინიმუმ სამი ღამე და ოთხი დღეა საჭირო. ამ ტურში ლაშქრობა შესაძლებელია მხოლოდ  ფეხით ან ცხენით. თუ მსურველები გამოჩნდებიან, შესაძლებელია „თამარის გზის“ მცირე მასშტაბებით დაგეგმვა.

-რამდენად დიდი ტურისტური პოტენციალი აქვს ხარაგაულს და მისი განვითარებისთვის რა არის საჭირო? 

-ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ჩვენი სიმდიდრეა და ამის გამოუყენებლობა – დანაშაული. ანდრიაობის ლაშქრობამ მთავარი მიზანი უკვე შეასრულა – ტურისტული კომპანიები ხარაგაულით დაინტერესდნენ. ეს ეროვნულ პარკში ხარაგაულის მხრიდან უფრო მეტ ვიზიტორს ნიშნავს. ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისთვის ეს პირველი ნაბიჯებია.

ამჟამად დაწყებულია USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთობლივი პროექტი, რომელიც ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში (მარელისში, ლეღვანსა და ფარცხნალში) ტურისტული პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკები მოწესრიგდება, ნიშნულები დაემატება. ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგები წარმოებული პროდუქციის მარკეტინგისა და მცირე საოჯახო სასტუმროების შესაქმნელად. ამ პროექტის ფარგლებში გვინდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ სახვლარს ეკოსოფლის სტატუსი მიენიჭოს. იქაურ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოოს.

საბა ებანოიძე