ხარაგაულში მცხოვრებმა ია ტაბატაძემ ინტერნეტით, სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა: „შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო უბნებზე როგორ ხდება კომისიის წევრის დანიშვნა? ან რა კრიტერიუმით ირჩევენ წევრებს? აქაც ჩაწყობაა საჭირო?“

სიტუაციაში გასარკვევად იას დავუკავშირდით. „ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, – ამბობს ია ტაბატაძე, ჩემმა ძმამ შეიტანა საბუთები მარელისის საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსისთვის. არ მიმართა არც ერთ პარტიას და მათ არ თხოვა საარჩევნო უბანზე კომისიის წევრობა. საოლქო კომისიის კონკურსში ჩაერთო. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აირჩიეს. მაინტერესებს, რა კრიტერიუმით ანიჭებენ უპირატესობას კონკურსანტებს. მე თუ მკითხავთ, ორი თვით მაინც უნდა დაასაქმონ ახალგაზრდა, უნარიანი და უმუშევარი ადამიანები. შეამოწმონ მათი ცოდნა, შესაძლებლობები და ისე გადაწყვიტონ. როგორც ვიცი, კომისიები დაკომპლექტდა იმ პირებით, რომლებიც სხვაგანაც მუშაობენ და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.“

18 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველებმა მიმართეს. 26 აპრილს კი საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში 6-6 წევრი შეარჩია. #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე განმარტავს, რომ უპირატესობა საარჩევნო ადმინისტრაციებში გასულ წლებში მომუშავე, გამოცდილების მქონე პირებს მიანიჭეს. მისივე ინფორმაციით, კონკურსისთვის 278 განცხადება შევიდა. ხარაგაულის 37 საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიამ 222 პირი შეარჩია. კონკურსის ჩატარება არ გახდა საჭირო 15 საარჩევნო უბანზე (ბაზალეთი, ბორითი, მაქათუბანი, ვახანი, ზვარე, დეისი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ჩხერი, ღორეშა, ხიდარი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, გედსამანია), რადგან მხოლოდ 6-6 პიროვნების განცხადება შევიდა საოლქო კომისიაში.

საოლქო კომისიის მიერ წელს შერჩეული 222 წევრიდან 104 გასული წლის არჩევნებზეც საოლქო კომისიის კონკურსის გამარჯვებულია.

ჯაფარეულსა და საბეში საოლქო კომისიამ წელსაც იგივე 6-6 პირი შეარჩია, ვინც გასულ წელს; პატარა ხარაგაულში შარშანდელის მსგავსად – ხუთი პირი; გასული წლის არჩევნებში გამოცდილების მქონეა მაქათუბნის, ვარძიის, ზვარის, კიცხის, ლეღვანის, ქვების, ვანის, ჩხერისა და ხიდრის საარჩევო უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული 4-4 პირი; დაბა ხარაგაულის, უბისის, თეთრაწყაროს, ლაშეს, დეისის, სარგვეშის, წიფას, წყალაფორეთის, ვერტყვიჭალის საარჩევნო უბნებზე – 3-3 პირი; ბაზალეთის, ბორითის, საქასრიის, მარელისის, დიდვაკის, საღანძილის, ხევის, ხუნევის, გედსამანიისა და ისლარის საარჩევნო უბნებზე – 2-2 პირი; ვახანის, ნადაბურის, მოლითის, ფარცხნალისა და ღორეშის საარჩევნო უბნებზე თითო-თითო წევრი. საქარიქედის საარჩევნო უბანში წელს საოლქოს მიერ შეირჩნენ ის პირები, რომლებიც გასულ წელს საარჩევნო ადმინისტრაციაში არ იყვნენ დასაქმებულები.

საუბნო კომისიებში წევრები წარადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 29 უბანზე იგივე პირები დაასახელა საუბნო კომისიის წევრებად, ვინც – შარშან; „ქართულმა ოცნებამ“ 24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებად იგივე პირები შეარჩია, ვინც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე;  „რესპუბლიკელებმა“ განმეორებით დაასახელეს – 22 პირი, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არ შეცვალეს კომისიის წევრები 16-16 საარჩევნო უბანზე, „კონსერვატორებმა“ – 15 საარჩევნო უბანზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10 საარჩევნო უბანზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად წელს „ქართულმა ოცნებამ,“ ხოლო გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია მაკა აბაშიძე. მაქათუბნის საარჩევნო უბანზე წელს „რესპუბლიკელებმა,“ ხოლო გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია სიმონ ზუმბაძე. გასულ წელს ზვარეს საარჩევნო უბანზე ნათია გელაშვილი კომისიის წევრად „ეროვნული ფორუმიდან“ დასახელდა, წელს ის საოლქო კომისიამ შეარჩია. კიცხის საარჩევნო უბანზე მზია ჭალიძე და თეთრაწყაროს საარჩევნო უბანზე ნათელა ვეფხვაძე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია საუბნო კომისიის წევრებად, წელს – „კონსერვატორებმა“. მარინა ჩუბინიძე ლაშის საარჩევნო უბანზე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, ხოლო გასულ წელს – „რესპუბლიკელებმა.“ დიდვაკის საარჩევნო უბანზე თამარ მაღრაძე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს – „ქართულმა ოცნებამ.“ ამავე უბანზე ლია ქურდაძე შარშან „კონსერვატორებმა,“ წელს კი „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. მოლითისა და ხიდრის საარჩევნო უბნებზე ნაზი ლაცაბიძე და სოსო გაგოშიძე გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს – „რესპუბლიკელებმა.“ სარგვეშის, ხუნევისა და გედსამანიის საარჩევნო უბნებზე ლაშა ციცვიძე, ციცინო ლომიძე და ირმა მუმლაძე გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს, – „ნაციონალებმა.“ წყალაფორეთისა და ისლარის საარჩევნო უბნებზე შარშან „ეროვნულმა ფორუმმა,“ წელს კი საოლქო კომისიამ შერჩია რობიზონ ნიქაბაძე და მერაბ ჭიპაშვილი. ფარცხნალის საარჩევნო უბანზე ჟანა მიქელაძე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, შარშან – „ქართულმა ოცნებამ.“ ხევის საარჩევნო უბანზე შარშან „კონსერვატორებმა“, წელს კი „ეროვნულმა ფორუმმა“ დაასახელა კომისიის წევრად თამარ მოდებაძე. საქარიქედის საარჩევნო უბანზე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია დარეჯან მაღრაძე, წელს – „თავისუფალმა დემოკრატებმა,“ ამავე უბანზე შარშან საოლქოსგან, წელს კი „კონსერვატორებისგან“ გახდა კომისის წევრი ნარგიზ ციცქიშვილი. ისლარის საარჩევნო უბანზე დალი შარაშიძე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს – „ეროვნულმა ფორუმმა.“ გედსამანიის საარჩევნო უბანზე ლოლა ბიწაძე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, შარშან „მრეწველებმა.“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი ლაცაბიძეს პრეტენზია აქვს საოლქო კომისიის მიერ ხუნევის საარჩევნო უბნის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ბატონი გოგი მიიჩნევს, რომ ნანული ჩადუნელი, რომლის მიმართაც მათი წარმომადგენლის მიერ გასულ არჩევნებზე საჩივარი დაიწერა, აღარ უნდა აერჩიათ. „გასულ არჩევნებზე რამდენიმე ადამიანს ვურჩიე, ჩართულიყვნენ საოლქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. მათ შორის იყო მარინა ჭიპაშვილი, რომელსაც სურდა ბაზალეთის საარჩევნო უბანში კომისიის წევრობა. ის არ აირჩიეს. ამიტომ წელს აღარავისთვის მირჩევია კონკურსში ჩაბმა,“ – ამბობს გოგი ლაცაბიძე.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე ხუნევის საარჩევნო უბანში დაწერილ საჩივარს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს: „საჩივარი „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაწერა. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ მდივანმა ამომრჩეველთა სიიდან ამოიწერა ხმის მისაცემად ჯერ არ მისული მოქალაქეები. მის მიერ დაწერილი საჩივარი რეგისტრაციაში გატარდა. ამის შემდეგ საჩივრის ავტორმა განცხადების უკან გატანა მოითხოვა. საოლქო კომისიაში საჩივრის განხილვისას „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები არ მოვიდნენ. უბანზე მყოფმა ამ პარტიის მეორე წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ხუნევის საარჩევო უბანზე მცირე ინციდენტი მაშინვე აღმოიფხვრა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ბრალეულობა არ დადასტურდა. ჩვენ მათ მიმართ ადმინისტრაციული ზომები არ გაგვიტარებია.“

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიაში არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის საოლქო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; პირი რომლის საარჩევნო დარღვევა დაადასტურა სასამართლომ. მსგავსი რამ ხუნევის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ არ დადასტურებულა და არც რაიმე სასჯელი დაგვიკისრებია,“ – ამბობს კახა გოლუბიანი.

16 მაისს საუბნო კომისიების წევრები პირველ სხდომას ჩაატარებენ და აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ნინო კაპანაძე