გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რაგბის კავშირთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს.

ამ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა.

მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების – თანასწორობის, გუნდურობისა და ერთმანეთის პატივისცემის შესახებ ხარაგაულში შეკრებილ ახალგაზრდა სპორტსმენებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ვეტერანი რაგბისტები – ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე ესაუბრნენ. 

საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში რაგბისტებმა დისკუსია და მასტერკლასი ხარაგაულში ახალშექმნილი რაგბისტთა გუნდის წევრების მონაწილეობით გამართეს. 

„ათი წელია, ჩართულები ვართ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში, -აღნიშნა მორაგბე ნოდარ ანდღულაძემ ხარაგაულში შეხვედრაზე, – დავდივართ ქალაქებში, სოფლებში, ჩვენს გამოცდილებას მოზარდებს ვუზიარებთ. ვსაუბრობთ იმ ფასეულობებზე, რაც საერთოა ოჯახისა და რაგბისთვის.

მოედნის გარეთ თქვენი ოჯახის სახე ხართ. იქ უფრო დიდი საასპარეზო მოედანია, სადაც აუცილებლად მისაბაძი მაგალითები უნდა ვიყოთ. ზუსტად ამიტომ ვართ ჩართულები ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში. სიყვარული, სიძლიერე, რწმენა, თანასწორობა – ეს რაგბისა და ოჯახის განუყოფელი ფასეულობებია და აქ ძალადობის ადგილი არ არის.“

შეხვედრა ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. რაგბისტებთან ერთად შეხვედრაში ფონდი ტასოს ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა ფაშალიშვილი მონაწილეობდნენ.