საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში მძლეოსნური გარბენი გაიმართა.

ხანდებიდან, დევების ქანდაკებებიდან, ხარაგაულის სპორტულ სკოლამდე მანძილი 30-მდე ხარაგაულელმა მონაწილემ გაირბინა.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე 23 ივნისს აღინიშნება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე ამბობს, რადგან 23 ივნისი, კვირა, დასვენების დღეა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სიმბოლური გარბენით დღეს, 21 ივნისს, აღნიშნეს.

გარბენში პირველ ადგილი მიხეილ დალალიშვილმა დაიკავა, მეორე ადგილზე ლუკა ცხვედაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლევან ქისტაურმა დაიკავა.

შეჯიბრში მონაწილეები სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ხარაგაულში გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე), ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით გაიმართა.

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე 1948 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

“სპორტი ყველასია” – ასეთია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონცეფცია. საერთაშორისო ოლიმპიური დღის ღონისძიებებზე მასობრივი გარბენის მოწყობაც იმ მიზანს უკვშირდება, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს.

1894 წლის 23 ივნისს ფრანგმა ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა პარიზში, ათლეტების საერთაშორისო კონგრესზე, ოლიმპიური თამაშების აღდგენის განცხადება გააკეთა. ორი წლის შემდეგ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პირველი ოლიმპიადა ჩატარდა, ხოლო პიერ დე კუბერტენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი გახდა.