ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე სოფელ საქასრიაში ბუნებრივი აირის ძველი მილების მიწიდან ამოღებას აპროტესტებს.

მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ შპს „თა-თა“, რომელიც ამ მილებს საქასრიაში, სტადიონის ტერიტორიიდან იღებს, უკანონოდ მოქმედებს. მისი განმარტებით, კომპანიას მილების წაღების უფლება არ აქვს, აზიანებს გარემოს და სოფლის ინფრასტრუქტურას.

საკრებულოს თავმჯდომარემ ამის შესახებ პოლიციას და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 19 ივნისს შეატყობინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ უწყების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კომპანია „თა-თას“ კუთვნილი ტრაქტორი დალუქეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სამუშაოს გაგრძელების აკრძალვის მიუხედავად, 20 ივნისს დილით შპს „თა-თამ“ მიწიდან მილის ამოსაღებად ავტობანის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და ტრაქტორისტი გამოიყენა. მანანა ბარბაქაძის ხელახალი შეტყობინების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები საქასრიაში მივიდნენ, თუმცა, მათ ადგილზე აღარავინ დახვდა. ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც მიწიდან 47 მეტრი ლითონის მილია ამოღებული, მიტოვებულია შედუღების აპარატი, რითაც, სავარაუდოდ, მილი უნდა დაენაწევრებიათ.

მილის მიწიდან ამოღების გამო ნიადაგი დეგრადირებულია და მოკვლევას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამანტი ამ კუთხით დაიწყებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, მოკვლევის დამთავრებამდე ლითონის მილი ადგილზე უნდა იყოს და ის დროებითი შენახვის მიზნით ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა.

მანანა ბარბაქაძე მოითხოვს, რომ ეს ლითონის მილი შპს „თა-თამ“ არ უნდა წაიღოს. ის დარწმუნებულია, რომ მილის მიწიდან ამოღების უფლება კომპანიას არ აქვს. ამ ტერიტორიაზე ბავშვები თამაშობენ და პირუტყვი ძოვს. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მილის ამოღების შედეგად დარჩენილი ღრმა თხრილის გამო ეს ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო აღარაა.

„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ამ დრომდე არკვევს, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე პოლიციაში შპს „თა-თას“ წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააზუსტებენ.

შპს „თა-თას“ დირექტორ გიორგი გამრეკელს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, აქვს თუ არა ბუნებრივი აირის მილის მიწიდან ამოღების უფლება და რომელი სახელმწიფო უწყებიდან.

მან გვიპასუხა, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ მოიპოვა ძველი მილების მიწიდან ამოღების უფლება, დაიბარონ და შესაბამის დოკუმენტებს ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგენს.