
„მოვუწოდებ მედიის წარმომადგენლებს, ობიექტურად გააშუქონ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
და ნუ წარმოაჩენენ მას დამახინჯებულად. მოსახლეობამ კარგად იცის ,რომელი პროგრამაა წარმატებული, რადგან ის უშუალოდ მათზე აისახება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან 3 მაისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქუთაისში, „ელჯის“ კლინიკაში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რომლებიც მთავრობის ინიციატივით ხორციელდება.
კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად მედიკოსებს განუმარტა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის ექიმისა და ექთნის დაფინანსება 30%-ით იზრდება.
„სოფლის ექიმის დაფინანსება თვეში 650 ლარი, ხოლო ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება თვეში 455 ლარი ხდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ექიმის სამედიცინო ჩანთით, მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით, სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებით და რეცეპტებით უზრუნველყოფა,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა დემოგრაფიის ხელშეწყობის მიზნით მის მიერ ინიცირებულ პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, იმერეთი იმ 6 რეგიონში შედის, სადაც შობადობას სიკვდილიანობა აღემატება. დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერის ინიციატივით, ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ბარში გაიცემა 150 ლარი, მთაში – 200 ლარი. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ პროგრამის ფარგლებში ყველა ორსული უფასოდ მიიღებს ფოლიუმის მჟავას.
გარდ აამისა, როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მთავრობამ გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მშობიარობის დაფინანსება დაიწყო, რომლის თანახმად, ფიზიოლოგიური მშობიარობა – 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება. ასევე, 2014 წლის პირველი იანვრიდან დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა – 4-დან 6 თვემდე, ხოლო დაფინანსება 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. „ჯანდაცვა უნდა იყოს ის სფერო, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები თავს დაუცველად აღარასოდეს იგრძნობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პაციენტებს ჰქონდეთ მაღალი კლასის მომსახურება; თქვენ, ექიმებს, ყველა პირობას შეგიქმნით, რათა მუდმივად გქონდეთ საუკეთესო პირობები პროფესიული განვითარებისთვის. მისია, რომელიც თქვენ გაკისრიათ, უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლოა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რათა თქვენი პროფესიით ღირსეულად იცხოვროთ,“ – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ექიმებს.
მთავრობის მეთაური ამბულატორიების პროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონის 11 სოფელში სენდვიჩ-პანელის სახის ამბულატორია დაიდგმება, რომელთა აღჭურვას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს როლი რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამართულ მუშაობაში.
შეხვედრაზე საუბარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც შეეხო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან აპრილის თვემდე იმერეთის რეგიონის კლინიკებში შესრულებული სამუშაოს მიხედვით გადარიცხულია 12 მილიონ ლარზე მეტი.
შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო პერსონალის კითხვებს უპასუხეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
წყარო: www.government.gov.ge
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან