ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ დღეს, 18 ივნისს, ბაქოში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.

„უბისის“ ქორეოგრაფის, ზაზა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ფესტივალზე ორი ცეკვით  – „ქალ-ვაჟთა მთიულურითა“ და „აჭარულით“ წარსდგებიან.

„ფესტივალში საქართველოს ქორეოგრაფთა ეროვნული ცენტრის მიწვევით ჩავერთეთ, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი, – გარდა ფესტივალისა, დაგეგმილი გვაქვს კულტურული ღონისძიებები. მოვინახულებთ მუზეუმებსა და ბაქოს სხვა ღირსშესანიშნაობებს.“

„უბისის“ წევრებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საზღვარგარეთ პირველად მიემგზავრება „უბისის“ მოცეკვავე ანი მეიფარიანი. ის ამბობს, რომ ფესტივალში მონაწილეობა ანსამბლისთვის დიდი გამოცდილებაა. „უბისის“ წევრები ანი კვინიკაძე და ლიზი ლაცაბიძე სამი წლის წინ ბულგარეთში, ქორეოგრაფიულ ფესტივალზე იყვნენ და იქაური შთაბეჭდილებები მათთვის დღემდე დაუვიწყარია. გოგონები ამბობენ, რომ ბაქოს საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებას მიაღწევენ.

„ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ანსამბლ „უბისის“ მოცეკვავე ნოდარ ალავიძის დედა მაკა ბუაჩიძე, – მჯერა, „უბისი“ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.“

„უბისის“ ფესტივალში მონაწილეობისთვის საჭირო თანხის ნახევარი – 10 ათასი ლარი – ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ბაქოში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 23 ივნისს დასრულდება.