ჭიათურის #1 საბავშვო ბაღში აღსაზრდელები, სასკოლოდ მზადებასთან ერთად, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას სწავლობენ.

სკოლამდელი აღზრდის ეს კერა ორიგინალური ღონისძიებებით გამოირჩევა. საბავშვო ბაღის დირექციამ და აღმზრდელებმა წლევანდელ უფროსჯგუფელებს სცენარი თემაზე „მე მიყვარს აფხაზეთი“ შესთავაზეს.

ღონისძიება პატრიოტული სიმღერით „გამოდით, ბიჭებო!“ დაიწყო. სამხედრო ფორმებში გამოწყობილი 70-მდე გოგონა და ვაჟი წარწერის „მე მიყვარს აფხაზეთი“ ფონზე მწკრივებად მოეწყო. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი ერთად მოისმინეს. ღონისძიებაზე ჟღერდა აფხაზეთის თემაზე შექმნილი სიმღერები, რის ფონზეც ბავშვები მხატვრულ მოძრაობებს ასრულებდნენ.

ღონისძებაში აქტიურად ჩაერთვნენ აღსაზრდელთა მშობლები. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია აფხაზეთიდან დევნილი კობა ლობჟანიძის შვილების – ნიკა და დათა ლობჟანიძეების მიერ მუსიკის მასწავლებელ ხათუნა ბაქრაძესთან ერთად შესრულებულმა სიმღერამ „დაბრუნებამდე“. სენსიტიურ თემაზე ჩაფიქრებული ღონისძიების გარემო დაათბო ბაღის მენეჯერ თამილა თაბაგარისგან აფხაზეთისა და ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილმა ლექსმა:

აფხაზეთი ჩვენი მიწის,
ჩვენი გულის ნაწილია
და დროებით ჩვენგან შორს მყოფთ
მოვეფეროთ, ეს გვწყურია.
მოვიგონოთ, სულ გვახსოვდეს
ძმები ჩვენი, აფხაზები.
ამისათვის ზეიმობენ
ეს პატარა მალხაზები.

„დღევანდელმა ბავშვებმა საბავშვო ბაღის ასაკიდან უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, – ამბობს ჭიათურის #1 საბავშვო ბაღის მენეჯერი თამილა თაბაგარი, – შესაძლოა, ჩვენი დაკარგული ტერიტორია ამ თაობის დასაბრუნებელი გახდეს. ამიტომ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვყავს აფხაზი ძმები, რომლებსაც, ჯერჯერობით, შორიდან ვეფერებით. ასეთი ღონისძიებებით ჩვენს აღსაზრდელებს შინაგანი პატრიოტული გრძნობა უნდა ჩამოუყალიბდეთ, რომ როცა გაიზრდებიან, ახსოვდეთ, მოეფერონ და უყვარდეთ აფხაზეთი“.

ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობდნენ აღმზრდელები ნინო ციცვიძე და ტანია არუთინიანი, აღმზრდელის თანაშემწეები ირმა თუთარაშვილი, ლია ყაველაშვილი, მაია მუმლაძე და მარიკა მაჭარაშვილი, ქორეოგრაფები ეკატერინე სარალიძე და ნათია მიქაბერიძე, ფსიქოლოგი სოფო სამხარაძე, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გელაშვილი.

პატრიოტულ თემაზე მომზადებულმა ღონისძიებამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღის დირექტორი მაკა წერეთელი, ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ნანული წერეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით ლაბაძე, აღსაზრდელთა მშობლები და სხვები.

მშვიდობიანი და წარმატებული გზებით ევლოთ, გამთლიანებულ საქართველოში ეღვაწოთ ჭიათურის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მათ თანატოლებს.

ლაურა გოგოლაძე

გიორგი კურტანიძის ფოტო