ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა დაიწყო.

ამ სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ საექიმო ამბულატორიების პრობლემების შესახებ ინფორმაციას სოფლის ექიმებისგან პერიოდულად იღებდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ მდგომარეობა ადგილზე საფუძვლიანად შეისწავლონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საექიმო ამბულატორია თხუთმეტ სოფელში ფუნქციონირებს – ბაზალეთში, ბორითში, ვარძიაში, ვახანში, ზვარეში, კიცხში, ლაშეში, ლეღვანში, მოლითში, საღანძილეში, ფარცხნალში, ღორეშაში, წიფაში, წყალაფორეთსა და ხუნევში. მათგან ცხრა სამედიცინო ამბულატორია 2006 წელს მსოფლიო ბანკის პროექტით აშენდა. წიფაში ამბულატორიის ახალი შენობა 2014 წელს აიგო. პაციენტების მიღება ბაზალეთში 2012 წელს დაიწყო.

2019 წელს საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება. ამისთვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თანხა თვითმმართველობებს გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს საექიმო ამბულატორიების შენობები (ოთახები) ხიდარში, წყალაფორეთში, ვახანსა და ფარცხნალში გარემონტდება. 2020 წელსაც ოთხი ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგმება. ამიტომ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა პრობლემების მოგვარებას შეძლებს მუნიციპალიტეტი საკუთარი ფინანსებით და რა უნდა მოითხოვონ ცენტრალური ბიუჯეტიდან.

-წყალი საერთოდ არ მიეწოდება წყალაფორეთის, კიცხის, ხიდარის, ვარძიის, ბორითის, მოლითის, ხიდარის, საღანძილის ამბულატორიებს, – ამბობს ნანა კიკნაძე, – ამბულატორიების შენობები, რომლებიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უნდა გადმოეცეს. ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს მივმართეთ. მსოფლიო ბანკის მიერ აგებულ შენობებში ცენტრალური გათბობა დამონტაჟებულია, მაგრამ სისტემას არასდროს უმუშავია. წლებია, ექიმებს ეუბნებიან, რომ ამბულატორიების ინფრასტრუქტურა საკუთარი ხარჯით მოაწესრიგონ. თუმცა, მათ ამის ფინანსები არ გააჩნიათ.

ხუნევის ორდონიანი ამბულატორიის მედპერსონალი ხუნევის, ხევისა და ნადაბურის თემების თერთმეტ სოფელს უნდა ემსახურებოდეს. ხუნევში ამბულატორიის შენობა მოწესრიგებულია. ექიმმა თემურ შუბითიძემ შენობაში საკუთარი ხარჯით შეიყვანა წყალი და დენი. ექიმი თამარ გველესიანი ამბობს, რომ მას გვერდით უდგანან ხუნევში მერის წარმომადგენელი კახა ლომიძე, თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და სოფლის მოსახლეობა.

რაც შეეხება ხევს, იქ შენობაში აქვთ მედიკამენტების კარადა, სველი წერტილი, მაცივარი.

სოფელ ნადაბურის მოსახლეობას ექთნის შტატის დამატება სჭირდება. გასულ წლებში ჯანდაცვის სამინისტროში მერიიდან წერილები გაიგზავნა, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. გვპასუხობდნენ, რომ მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით დაიწყებდნენ ამ საკითხზე მუშაობას.

მათ სოფელში ექთნის შტატის დაშვებას ითხოვს საღანძილის ცენტრიდან მოშორებული ვანისა და სხლითის მოსახლეობაც. შესაბამისი წერილი, ახლახან, ჩვენგან შემოწმების შემდეგ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

საღანძილის ამბულატორია ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. შენობას დენიც აქვთ და ვაქცინების შესანახი მაცივარიც. ადმინისტარციულ შენობაშია განთავსებული ხიდრის ამბულატორიაც.

ზვარეს ამბულატორია სარემონტოა, მაგრამ შენობა მცოცავ ნიადაგზეა და უმჯობესია, სხვა ადგილას გადაიტანონ.

მოლითის ამბულატორიაში სახურავიდან შენობაში ერთ ადგილზე წყალი ჩამოდის. შენობის სახურავის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ სპეციალისტმა უნდა ნახოს. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი მდგომარეობა წიფის საექიმო ამბულატორიაში დაგვხვდა.

რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ოთხი ამბულატორიის რემონტისთვის 104 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით, როგორც უკვე აღვნიშნე, საექიმო ამბულატორიები ხიდარში, წყალაფორეთში, ვახანსა და ფარცხნალში გარემონტდება.

ვახანის ამბულატორია ადმინისტრაციული შენობის ერთ ოთახშია განთავსებული. ოთახში მერის წარმომადგენლის დახმარებით წყალიც შეიყვანეს, მაგრამ ინვენტარი არ აქვთ. ცალკე უნდა იყოს პაციენტების გასასინჯი და ასაცრელი ოთახები. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში განმიმარტეს, შესაძლოა, ვახანში ძველი ამბულატორიის სტანდარტული შენობა გარემონტდეს.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური უახლოეს მომავალში ლაშის, ბაზალეთის, ღორეშისა და ფარცხნალის ამბულატორიების მდგომარეობის ადგილზე შესწავლას გეგმავს.

ნინო კაპანაძე