ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში (დამფუძნებელი მარიკა ხარატიშვილი) და ხარაგაულის ტყავის აქსესუარების საწარმო „ლაშე“ (დამფუძნებელი თინა დავაძე) თავიანთი ნაწარმით 7 ივნისს, ამბროლაურში გაეროს მიერ ორგანიზებულ ქალ მეწარმეთა მდგრადი განვითარების ფესტივალზე SDG Festival 2019 მიიწვიეს.

წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“. ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საბინე მახლიმ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში, ამბროლაურის ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული შემეცნებითი და საინფორმაციო  აქტივობა ჩატარდა. საფესტივალო დღე ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით და კონცერტით დასრულდა.

მარიკა ხარატიშვილი ასეთ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა.

„გავიცანი ქალი მეწარმეები. ურთიერთობა მქონდა მომხმარებლებთან და მივხვდი, რა მოსწონთ და რა მიმართულებით შეიძლება განვავითარო ჩემი საწარმო, – ამბობს მარიკა ხარატიშვილი.მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები თვითონ რეგიონისათვის. ეს ხელს უწყობს ტურიზმისა და მცირე საწარმოებისა და რეგიონის განვითარებას.“

„გავიცანი მეწარმე ქალები ამბროლაურიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, გავეცანი მათი მუშაობის სპეციფიკას და სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, ჩემი პროდუქცია ფართო საზოგადოებას წარვუდგინე,“ – ამბობს თინა დავაძე.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობები და სხვ.

თამთა გოგოლაძე