„ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ხარაგაულელი ნახევარფინალისტები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამდღიანი ლაშქრობით დაასაჩუქრა.

ეროვნულ პარკში, სოფელ ნუნისში, ბერების კლდე ბორითის ეკოკლუბ „გლობალX“-ის წევრებმა ლიდერ მასწავლებელ რაგული კალანდაძესთან ერთად დალაშქრეს.

მათ ლაშქრობის დროს გიდობა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თანამშრომელმა კახა ხიჯაკაძემ გაუწია. მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ამავე ცენტრის თანამშრომელი მირიან ყრუაშვილი ზრუნავდა. ეკოკლუბის წევრებს ეროვნული პარკის რეინჯერები გელა ტალახაძე და გაგა თიკანაშვილი დაეხმარნენ.

მეთერთმეტე კლასელი გიორგი ჟოლიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პირველად იმყოფებოდა. ყოველთვის სურდა, ველურ ბუნებაში ლაშქრობისას საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა. გიორგიმ კარავის გაშლა, ბუნებაში მოქცევის წესები ისწავლა. მოეწონა ეროვნული პარკის ფოთლოვანი ტყე და ცივი წყაროები.

ეკოკლუბ „გლობალX“-ის წევრი სალომე რიკაძე ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ბუნებისადმი მოვლის უნარ-ჩვევების გაძლიერებისთვის შემეცნებითი ლაშქრობები ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი რაგული კალანდაძე მიიჩნევს, რომ ველურ ბუნებაში ლაშქრობისას მოსწავლეები ექსტრემალურ გარემოში სწრაფად მოქმედებას, ადაპტაციას, საერთო მიზნის მისაღწევად ურთიერთთანამშრომლობას სწავლობენ.

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ბაზალეთის, ბორითის, ბორის, საღანძილის, ხარაგაულის #2, მარელისის, ლეღვანის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობდნენ. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გია ჭიპაშვილი ამბობს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ლაშქრობისთვის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალის მონაწილე სხვა სკოლებსაც ელოდებიან.

ნინო კაპანაძე