15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში მონაწილე პარტიები თანდათან აქტიურად ერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში. დავინტერესდით, როგორ აფასებენ ხარაგაულში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბები წინასაარჩევნო გარემოს და გეგმავენ თუ არა მუნიციპალიტეტის ოცივე საარჩევნო ოლქში წარადგინონ მაჟორიტარობის კანდიდატები.

 

„წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია. ის იმ ზეწოლებზე საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებზე განხორციელდა. „ზვარის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ირმა ალხაზიშვილი დაიბარა გამგებელმა, – გვიამბობს თორნიკე ავალიშვილი, – მასთან ერთად იმყოფებოდნენ გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ხარაგაულში მანანა ბარბაქაძე. ირმა ალხაზიშვილს მოსთხოვეს, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან, თუ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას.“ თორნიკე ავალიშვილის განმარტებით, საჯარო მოხელეს კანონი არ ავალდებულებს გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს სამუშაო საათების შემდეგ.

„გამგებლის მოადგილე პაატა გოგოლაძე დაემუქრა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, ჩვენი პარტიის მხარდამჭერ ქეთევან ზუმბაძეს. მეგობრობას სთავაზობდა და თან ეუბნებოდა, რომ პატარ-პატარა შეცდომები გექნება და პრობლემები შეგექმნებაო,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა ნადაბურში, როცა სპეციალისტად დანიშნეს პიროვნება, რომელიც მაჟორიტარად კენჭისყრას „ნაცმოძრაობიდან“ აპირებდა.

„ნადაბურის ტერიტორიულ ერთეულში სპეციალისტი წელიწადნახევარია არ დანიშნულა, – გვიამბობს თორნიკე ავალიშვილი, – არჩევნების გამოცხადების წინა დღეს, 14 აპრილს დაინიშნა სპეციალისტად ნუგზარ შუბითიძე. ის კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობიდან.“ მან გვითხრა, თუ „ქართული ოცნებიდან“ კენჭი გრიგოლ გელაშვილმა იყარა, მე მას კონკურენციას არ გავუწევ, რადგან ჩემი ნათესავიაო. რადგან გელაშვილი არ იყრიდა კენჭს, ნუგზარ შუბითიძე თანახმა იყო ჩვენთან თანამშრომლობაზე. წელიწადნახევარი ის უმუშევარი იყო და საინტერესოა, რაღა არჩევნების წინ დაინტერესდნენ მისი დასაქმებით.“

თორნიკე ავალიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პარტიული ნიშნით არ დაყონ ერთჯერადი დახმარების მიმღები და სტიქიით დაზარალებულთა ოჯახები. „გამგეობამ მიმართოს საკრებულოს ძველი განკარგულების შეცვლის მოთხოვნით და დახმარებები გაიცეს მრავალჯერადად, განურჩევლად ყველაზე,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

თორნიკე ავალიშვილი: -მიმაჩნია, რომ #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან არჩეული წევრები საარჩევნო უბნებზე არიან ძალიან სუსტები და არაკომპეტენტურები. ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საოლქო კომისიას. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მოვუწოდებ, როგორი პრინციპულიც იყო წინა ხელისუფლების დროს, ახლაც გამოიჩიოს იგივე პრინციპულობა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობლემები შეიქმნა კიცხისა და ნადაბურის საარჩევნო უბნებზე. მაშინ არ გავაპროტესტე დარღვევა. თუ წელსაც დაფიქსირდება საუბნო კომისიის წევრთა მხრიდან მსგავსი დარღვევები, აუცილებლად გვექნება რეაგირება.“

თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულის ოცივე საარჩევნო ოლქში ეყოლებათ მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება პარტიულ სიას, ეს საკითხი, მისი თქმით, პარტიულ აქტივთან ერთად გადაწყდება. 8 მაისს, პარტიის ყრილობის შემდეგ, დასახელდება გამგებლობის კანდიდატი.

 

„კომისიები ხელისუფლების მხარდამჭერებით დაკომპლექტდა“

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ „წინასაარჩევნოდ, მართალია, ავტომატებით აღარ დაგვდევენ და საჯაროდ არ გვემუქრებიან, მაგრამ ეს საზოგადოების დამსახურებაა და არა ხელისუფლების. თვალნათელია, რომ საარჩევნო კომისიები მთლიანად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით დააკომპლექტეს. სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო, რასაც შეგვპირდა ივანიშვილი. ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას უნდა ჰყავდეს წევრი საარჩევნო კომისიაში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას იმდენად ეშინია, თორმეტივე წევრი თავისი მხარდამჭერი უნდა რომ ჰყავდეს,“ – ამბობს გოგი ლაცაბიძე. მისი თქმით, ხარაგაულის ოცივე საარჩევნო ოლქში ეყოლებათ მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმცა პარტიულ სიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყალიბდებიან.

 

„მაქსიმალურად ჯანსაღი საარჩევნო გარემო უნდა შევქმნათ“

კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ „სახელისუფლო პარტიის ლიდერები ყველა შეხვედრაზე, საგაზეთო და სატელევიზიო მიმართვებსა თუ პირად საუბრებში ცალსახად გვეუბნებიან, რომ ჩვენი ვალდებულებაა მაქსიმალურად ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნა; გაყალბებაზე ფიქრი ყველამ უნდა დაივიწყოს. ჩვენ უნდა შევქმნათ მაგალითი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს. ბოლოს და ბოლოს, არჩევნებში მონაწილეებმა უნდა ვიბრძოლოთ თანაბარ პირობებში, სადაც გაიმარჯვებს ღირსეული,“ – ამბობს პაატა გოგოლაძე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი ადასტურებს, რომ ირმა ალხაზიშვილს ნამდვილად შეხვდა გამგებელთან და პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან ერთად. „შევიტყვეთ, რომ ირმა ალხაზიშვილი სამუშაო საათებში იყო „ნაცმოძრაობის“ შტაბში და შეხვედრა ვთხოვეთ, – გვიამბობს პაატა გოგოლაძე, – მოგეხსენებათ, სამუშაო საათებში აკრძალულია საჯარო მოხელის მისვლა საარჩევნო შტაბებში. ერთადერთი შენიშვნა მისცა გამგებელმა, – მე არ გთხოვთ კოალიციის სასარგებლოდ იმუშაოთ, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ საჯარო მოხელე სამუშაო საათებში ოპოზიციური პარტიების შტაბში დადიოდესო. ირმა ალხაზიშვილმა გვითხრა, რომ სურდა მაჟორიტარად კენჭისყრა. ვუთხარით, რომ მოუწევდა თანამდებობიდან გადადგომა ან შვებულებაში გასვლა. მას არავინ დამუქრებია. ძალიან კეთილგანწყობილი საუბარი გვქონდა. ქალბატონმა ირმამ დამშვიდობებისას მადლობა გადაგვიხადა და თქვა, გადავწყვეტ, როგორ მოვიქცეო. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ისე გათავისებული აქვთ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებზე ზეწოლები, რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ.“

ქეთევან ზუმბაძეზე ზეწოლის ფაქტს პაატა გოგოლაძე აბსურდულსა და უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ დიდი პატივისცემითაა განწყობილი მის მიმართ. „ჩვენ შორის იყო კომუნიკაცია, რადგან სამსახურებრივად გვიწევს ურთიერთობა. ვუთხარი, რომ ის საუკეთესოდ ართმევთ საქმეს თავს და ამიტომ თქვენნაირი ადამიანები თუ იქნებიან ჩვენს გვერდით, კარგი იქნება-მეთქი.

არ მჯერა, რომ ქეთევანს მოსწონს „ნაცმოძრაობის“ ქმედებები. მაინტერესებდა, ის პარტიის იდეალების გამო იყო მათ გვერდით თუ თანაკლასელმამუკა ჭყოიძესთან მეგობრობის გამო. მან მითხრა, მეგობარს ვედექი გვერდითო.“

რაც შეეხება ნადაბურში „ნაცმოძრაობის“ სავარაუდო კანდიდატის სპეციალისტად დანიშვნას, პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ არავინ უზღუდავს იმ ადამიანს კენჭისყრას. „დანიშვნა თუ ზეწოლაა, გათავისუფლება რა არის მაშინ?“- ამბობს პაატა გოგოლაძე და დასძენს, რომ როცა მიეცათ მისი დანიშვნის შესაძლებლობა, მაშინ დანიშნეს.

„თუ ვინმეს სოცდახმარების მოხსნით ემუქრებიან, კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელონ. ერთი წუთით არ გაგვივლია გულში კომისიის წევრებს, რომ წამლების შესაძენად და საოპერაციოდ დახმარება მარტო მხარდამჭერებზე გაგვეცა.ეგ „ნაცმოძრაობის“ წევრებს ახასიათებთ.

გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ყოველთვის აფრთხილებდა რწმუნებულებსა და სხვა საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურთ, მხოლოდ სამუშაო საათების შემდეგ მივიდნენ საარჩევნო შტაბებში.“

 

„ძალიან საინტერესოა ოპოზიციაში ყოფნა“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საკრებულოს რამდენიმე წევრი – კობა გოგსაძე, რომან შერგელაშვილი, ბესო ჩუბინიძე, პავლე გორგაძე, ნინო ფხალაძე. მათ გუნდშია რუსუდან გურგენიძე. „რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ისევ საკრებულოს წევრობას, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გოგსაძე, – პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები არ ვართ. ცენტრალურ ოფისში მოველაპარაკეთ და ჩვენი გეგმები ამ პარტიას უკავშირდება. „თავისუფალი საქართველო“ ჩვენთვის უფრო მეტად მისაღებია მისი ლიდერის, კახა კუკავას, პოზიციების გამო.“

კობა გოგსაძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი მომავლის ინდივიდუალურად განსაზღვრის უფლება. მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა ოპოზიციაში ყოფნა. „ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ და ვთვლი, რომ ჯერ არ ამომიწურავს რესურსი. მე და ჩემი თანაგუნდელები არავისზე ნაკლები არ ვართ და გვსურს, რომ მომავალში საკრებულოს წევრები ვიყოთ. დანარჩენს ამომრჩეველი გადაწყვეტს,“ – ამბობს კობა გოგსაძე. მისივე თქმით, იდეურად მათ მხარს საკრებულოს სხვა წევრებიც უჭერენ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, კობა გოგსაძე ამბობს, რომ ის არაფრით განსხვავდება წინა წლებისგან. თუმცა, მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა საარჩევნო პროცესებში აბსოლუტურად გამორიცხულია. „სახელისუფლებო რგოლებისგან პატარ-პატარა ზეწოლები შეინიშნება. არის გადაძახება-გადმოძახება – „ე, ბიჭო, შენ სოციალური დახმარება გაქვსო.“ კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ, რადგან მათ მთხოვეს, ამ ეტაპზე თავი შევიკავო,“ – ამბობს კობა გოგსაძე.

პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ „ნაცმოძრაობის“ წევრების თანამშრომლობის გამო განმარტება მოითხოვა გია ყრუაშვილმა, რომელიც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა. „მირეკავენ და მეკითხებიან, რატომ შემოუშვი „ნაციონალები“ პარტიაშიო, – გვიამბობს გია ყრუაშვილი, – ჩემთვის პარტიების წევრებად არ იყოფიან ხარაგაულელები. თუ პიროვნებას კანონი არ დაურღვევია, რა უნდა მქონდეს მის მიმართ საწინააღმდეგო. კობა გოგსაძე საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში. პარტიული ნიშნით ადამიანების დევნას დავანებოთ თავი და საქმის კეთებაში შევეჯიბროთ ერთმანეთს.“

რატომ გადაწყვიტა რუსუდან გურგენიძემ იმ პიროვნებებთან თანამშრომლობა, რომელთა გადაწყვეტილებებსაც ოთხი წლის მანძილზე საკრებულოში აპროტესტებდა? – ამ შეკითხვით ქალბატონ რუსუდანს მივმართეთ.

„მართალია, ოთხი წლის მანძილზე მიწევდა მათგან მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს უფრო სისტემის „დამსახურება“ იყო, ვიდრე თვით ამ ადამიანების ბრალი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სისტემასაც ადამიანები ქმნიან, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ეს შედარებით ნაკლებად ხდება. ეს უფრო ზედა რგოლებიდანაა წამოსული. ვთვლი, რომ ეს ადამიანები არიან საკმაოდ გამოცდილები შესაბამისი განათლებით და როცა ისინი უკვე აღარ იქნებიან იმ მონსტრის წარმომადგენლები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ვფიქრობ, შეძლებენ ხარაგაულისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ამირჩევენ საკრებულოს წევრად, ისევ სიმართლის მთქმელი ვიქნები და დავუპირისპირდები ხარაგაულის მოსახლეობისათვის მიუღებელ ყველაგა დაწყვეტილებას,“ – ამბობს რუსუდან გურგენიძე.

 

P.S.ზეწოლებთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად დავუკავშირდით ირმა ალხაზიშვილს და ქეთევან ზუმბაძეს. ნუგზარ შუბითიძეს ვერ დავუკავშირდით.

ირმა ალხაზიშვილი: -კაბინეტში დამხვდნენ კობა ლურსმანაშვილი, მანანა ბარბაქაძე და პაატა გოგოლაძე. მითხრეს, რად გინდა საკრებულოში კენჭისყრა, ხომ იცი, დეპუტატობა უხელფასოა. თუ კენჭს იყრი, მაშინ გადადექი თანამდებობიდანო. გამგებელს ზედმეტი არაფერი უთქვამს. პირიქით, მითხრა, უსამსახუროდ არ დარჩები, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ზვარის საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობაო. მანანა ბარბაქაძემ კი მუშტი დაარტყა მაგიდაზე და თქვა, ხომ გითხარით, ირმა ალხაზიშვილი არსად დანიშნოთ, რას წამოასკუპეთ თანამდებობაზეო. გულმკვდარი წამოვედი ამ სიტყვების მერე მათთან შეხვედრიდან,“ – აღნიშნა ირმა ალხაზიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში.

ქეთევან ზუმბაძე: -პაატა გოგოლაძემ შეხვედრისას მითხრა, – შენ გგონია, რომ წვრილ-წვრილი დარღვევები არ გექნებაო. შევფიქრიანდი, გადავავლე თვალი ჩემს საქმიანობას. ამხელა ბიუჯეტს ვმართავ და შეიძლება შემეშალოს კიდეც რამე. ვუთხარი, რა შეცდომა მაქვს, მითხარი და გამოვასწორებ-მეთქი. მოვა დრო და გეტყვითო. ისიც მითხრა, კარგად ართმევ თავს საქმესო. ეს ამბავი მაშინვე მოვყევი ოჯახში და რამდენიმე პიროვნებასთან. მთელი თვე ვინერვიულე. ამასწინათ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჩატარდა შეხვედრა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. მეც მიმიწვიეს. შეხვედრაზე ჩემ მიმართ ითქვა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს 500 ათას ლარიანი ბიუჯეტი აქვსო. შევწუხდი ძალიან. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების საბიუჯეტო თანხა ჩემი საკუთრებაა? მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში შეხვედრისას პაატა გოგოლაძემ განაცხადა, ქეთევანს მოეჩვენა, – მე მასთან სამსახურებრივ გადაცდომებზე არაფერი მითქვამსო. რატომ უნდა მქონდეს მოჩვენებები? მანამდე რატომ არაფერი „მეჩვენებოდა“, სანამ პაატა გოგოლაძე დამიბარებდა? არასდროს მიფიქრია, რომ რამე დარღვევა მაქვს. ღმერთი იყურება ზემოდან. გინდა მოჩვენება დაარქვან ახლა და გინდა მოლანდება. პარტიული ნიშნით არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია. ახლა შეგვამოწმა აუდიტმა და დადებითი დასკვნა დაწერა ჩვენს გაერთიანებაზე. ერთადერთი, – საპნის ჩამოწერის აქტზე არ მქონდა ხელმოწერა. ვერ ვხვდები, რას ვაშავებ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ?!

ნინო კაპანაძე