
სოციალური შემწეობის სახელმწიფო პროგრამის მიმართ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭების კრიტერიუმები ბუნდოვანი და არასამართლიანია.
ბაზალეთის თემში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი კიაზო გამრეკელაშვილი და უფროსი სოციალური აგენტი თამილა მაჭავარიანი შეხვდნენ. მათ შეკრებილთ სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცედურები განუმარტეს. მოსახლეობასთან შეხვედრა ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით შედგა.
ბაზალეთში მცხოვრებ გულო ნანიტაშვილს 2017 წელს შვილი, მომდევნო წელს კი მეუღლე დაეღუპა. ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების გამო, მისი ოჯახი ორივე წელს გადაამოწმეს. 32 ათასი სარეიტინგო ქულა პირველი გადამოწმების შემდეგ 68 ათასამდე, ხოლო 2018 წელს – 96 ათასამდე გაიზარდა. გულო ნანიტაშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს გარდაცვლილთა ფოტოების გარდა არაფერი შემატებია.
ქროლში მცხოვრებმა ლუიზა მაქაძემ დღემდე ვერ გაარკვია, შეზღუდული შესაძლებლობის გამო მინიჭებული ჯგუფი სარეიტინგო ქულაზე როგორ გავლენას ახდენს.
მძიმეა ქროლში მცხოვრები ზაური და ანა მაქაძეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. წლებია, ეს ოჯახი ფულად სოციალურ შემწეობას უშედეგოდ ითხოვს.
ღარიხევში მცხოვრები პენსიონერი ჯალილა გლუნჩაძე მარტოხელაა. მისი სახლი ისეთი ავარიულია, რომ ფაქტობრივად, იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სარისკოა. არ ჰყავს პირუტყვი, ვერ ამუშავებს მიწას. მისი ერთადერთი შემოსავალი 200 ლარია. „უკიდურესად ღატაკის“ სტატუსი ჯალილა გლუნჩაძეს სოცაგენტის შეფასებით მიენიჭა. თუმცა ორ თვეში, სანამ მას უკიდურესი სიღატაკისთვის განკუთვნილი თანხა ჩაერიცხებოდა, სოცაგენტებს სტატუსის მინიჭების უფლება ჩამოერთვათ. ამის გამო ჯალილა გლუნჩაძის სტატუსიც გაბათილდა.
„იმედი გვქონდა, რომ პროგრამა დაიხვეწებოდა და მოსახლეობის საჭიროებებს მოერგებოდა, – ამბობს ქროლში მცხოვრები ეკა მაქაძე, – საცხოვრებელი სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება თავზე დამენგრეს. გასულ წლებში მაღალი სარეიტინგო ქულის მიღების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, სახლის ფართობი აღმოჩნდა. მოგვატყუა ხელისუფლებამ, რომ სოციალური შემწეობის დანიშვნის პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობას ჩართავდა. ხელისუფლებამ იცის, რომ გაჭირვებული მოქალაქეები აქციებს ვერ მოვაწყობთ. ამიტომ სოციალური დახმარების პროგრამაში ჩვენს სასარგებლოდ არაფერს ცვლიან.“
„თითქმის ყველა თქვენგანის საცხოვრებელ პირობებს ვიცნობ, – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი სოცაგენტი თამილა მაჭავარიანი, – ბაზალეთელ გულო ნანიტაშვილთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ „ვეჭიდავეთ“ პროგრამას, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. 2013 წელს სოციალური შემწეობის დანიშვნის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილების თანახმად, პენსია ითვლება, როგორც შემოსავალი. ამის გამო მთელი რიგი ოჯახები პროგრამის მიღმა დარჩნენ.
ჩვენი დაკვირვებით, ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭებაზე, შესაძლოა, მოქმედებდეს ელექტროენერგიის ხარჯი, ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნა და სხვ.
ღორეშაში, მაგალითად, სამწევრიანი ოჯახია, სამივე ყოველთვიურად ას-ას ლარი ოდენობით პენსიას იღებს. მათგან ორს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადებები აქვთ – ერთს ეპილეფსია, მეორეს – შაქრიანი დიაბეტი. ლუკმაპურის ფული უჭირთ. ვერაფრით მივაღწიეთ, რომ სოციალური შემწეობა დანიშვნოდათ, რადგან პენსია შემოსავალში ითვლება.
სოციალური მომსახურების სააგენტო და მითუმეტეს ადგილობრივი ხელისუფლება, ოჯახის სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცესში ვერ ერევა. არ ვიცით, ფორმულა ქულებს როგორ ითვლის. სოცაგენტის ვალდებულებაა, რომ დეკლარაცია სწორად შეავსოს.
განმეორებითი გადამოწმება შესაძლებელია ოჯახის შემოწმებიდან ერთი წლის შემდეგ ან მანამდე, თუ ოჯახში დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს გადამოწმების საფუძვლების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ.“
ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა სამართლიან უკმაყოფილებას გამოთქვამს და მისი შეფასებით, თემში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას ფულადი შემწეობა ეკუთვნის.
„ფრიდონ აბრამიშვილმა მთხოვა, რომ მის მდგომარეობაზე მესაუბრა. ადამიანი საწოლს მიჯაჭვულია. ოჯახში არავინ ჰყავს. საპენსიო ასაკის არ არის და რატომ არ ენიშნება ფულადი შემწეობა, ვერ ამოვხსენით, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სოცაგენტების მხრიდან სუბიექტური მიდგომების შესახებ არ მსმენია, მაგრამ პროგრამა რომ შესაცვლელია, ფაქტია. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულმა განყოფილებამ სოციალური პროგრამის ცვლილების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე დააყენოს.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად ფულად სოციალურ შემწეობა 1 763 ოჯახი იღებს.
ნინო კაპანაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის