წელს პირველად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის ისტორიაში, სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა.

„ბოლო ზარს“ ზეიმობდა ლეილა (მარიამ) ხიჯაკაძე, – გოგონა, რომელიც თვითონ იყო ამ მშვენიერი ღონისძიების რეჟისორიც და სცენარისტიც, მსახიობიც და მომღერალიც.

მის გვერდით იყო ყველა მოსწავლე და პედაგოგი სკოლის დირექტორის, ბატონ გიორგი გველესიანის ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ დაგვატკბო მარიამმა თავისი უჩვეულო ხმით, საოცარი იუმორითა და არტისტიზმით.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული პედაგოგებმა და თანასკოლელებმა რესტორან „შუა ქალაქში“ მივიწვიეთ, რათა ეს დღე გაგველამაზებინა მისთვის. იქ კიდევ ერთხელ დაგვატკბო მარიამმა.

„მსახიობიც ხარ, მხატვარიც
ყველაფრის მცოდნე როგორ ხარ,
მომღერალი და მოლექსე
მართლა მაგარი გოგო ხარ.”
ეუბნებოდნენ მარიამს მეგობრები.

უსაზღვროდ ბედნიერი იყო მარიამი. ბედნიერები ვიყავით ჩვენც. მარიამის ოცნებაა, უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხოს.

ვუსურვებთ მარიამს ოცნებების ასრულებასა და ბედნიერ მომავალს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედაგოგები