32 წლის მარი კვირიკაშვილი ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მაკრამესა და თექაზე მუშაობას ეუფლება. სწავლას აპრილიდან შეუდგა. თექის მომზადების პროცესი მანამდეც უნახავს. თუმცა ამბობს, რომ უშუალოდ მუშაობა ბევრად საინტერესო ყოფილა. მარიმ ზრდასრულთა განათლების ცენტრში საკუთარ თავში ფარული ნიჭი აღმოაჩინა, რამაც უკეთესი მომავლის პერსპექტივა დაანახა. „მაკრამესა და თექას რაც უფრო მეტად ეუფლები, მით მეტად გიტაცებს, – ამბობს მარი, – ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. თუმცა ვფიქრობ, ხელობას აუცილებლად გავყვები და ყველანაირად ვეცდები, შემოსავლის წყაროდ ვაქციო“.

მარი კვირიკაშვილისგან შექმნილი „თექის ანგელოზი“ 24 აპრილს, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნისას, გერმანიის ელჩს საჩუქრად გადასცეს.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ექვს სპეციალობას 80-მდე მსურველი უფასოდ ეუფლება. ცენტრში მეფუტკრეობას გიორგი ლომსაძე ასწავლის, თექას – ნინო მღებრიშვილი, ჭრა-კერვას – მაყვალა სებისკვერაძე, ქართული სამზარეულოს კერძებს – ირაკლი ტაბატაძე, მაკრამეს – მარინე ვეფხვაძე, ხალხურ საკრავებს (ფანდური) – თამილა კირთაძე.

ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე ამბობს, რომ არსებულ სპეციალობებს წლის ბოლომდე კომპიუტერული ტექნოლოგიების, უცხო ენის, ხეზე კვეთისა და ფეხსაცმლის კერვის კურსები დაემატება.

„ჭრა-კერვის კურსზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა მსურველის ერთ ჯგუფში მიღება ვერ მოვახერხეთ. ამიტომ მეორე, კომერციული ჯგუფი დავამატეთ, რომლის წევრებიც თვეში 20 ლარს იხდიან. ასევე გვაქვს შეღავათიანი კურსი, სადაც ავტომობილის მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდის თეორიულ საკითხებს შეღავათიან ფასად – 45 ლარად სწავლობენ (მასწავლებელი ლევან აბაშიძე).

დანარჩენი კურსები უფასოა. ტრენერთა ხელფასებს, ადმინისტრაციულ ხარჯებსა და წრეებისთვის საჭირო მასალებს დონორი აფინანასებს. ეს არაფორმალური განათლების გერმანული მოდელია. გერმანიაში ამ ცენტრებს საწყის ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებდა. შემდეგ, როცა უკვე მოძლიერდნენ, მათ ბაზაზე შეიქმნა სოციალური საწარმოები, რომლებიც თავიანთ წარმოებულ პროდუქციას ყიდიან და საკუთარი შემოსავალი აქვთ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ სოციალური საწარმოები, პროდუქცია ვაწარმოოთ და გავყიდოთ.

საქართველოში ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი რიგით მეთერთმეტეა იმ ცენტრებს შორის, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და დაფინანსებით ამოქმედდა. ამ ცენტრში სწავლის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია.

სწავლის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა. ეს არ არის სახელმწიფო სასწავლებლის დიპლომთან გათანაბრებული დოკუმენტი. თუმცა სხვა ცენტრების გამოცდილებიდან ვიცი, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრის სერთიფიკატი ყველა დამსაქმებლისთვის სანდო და მისაღებია. ცენტრის ყველა ტრენერი მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების სპეციალისტია. 11 ივნისს მოწვეული გვყავს ტრენერთა ტრენერების ჯფუფი, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში დამატებით გადაამზადებენ ჩვენს მასწავლებლებს, რომ მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო გავზარდოთ.

ჩვენი მიზანია ქართული შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი და საჭირო კადრების მომზადება. თუმცა ჩვენს ფუნქციებში მათი დასაქმება არ შედის,“ – ამბობს გიორგი მუხურაძე.

nხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ოფისის მენეჯერის, მანანა ტაბაშიძის, ინფორმაციით, ცენტრის ყველა სპეციალობაზე ამჟამად ადგილები შევსებულია. თუმცა სასურველ სპეციალობაზე სწავლის მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცენტრს განცხადებით მიმართონ. მათ ჯგუფების ხელახალი დაკომპლექტებისას დაუკავშირდებიან.

„ჩვენთან სხვადასხვა სპეციალობებს დაბა ხარაგაულის, ჩხერის, ლეღვნის, საღანძილის, თეთრაწყაროს, ბაზალეთის მაცხოვრებლები ეუფლებიან. მეცადინეობები ტარდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ცენტრის მომსახურებას ვერ იღებენ მდინარე ძირულას ხეობის სოფლების მცხოვრებლები. ამ სოფლებიდან ხარაგაულისკენ ტრანსპორტირება რთულია. კარგი იქნება, თუ ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ძირულას ხეობიდან ჩვენთან სწავლის მსურველთა ტრანსპორტირებაზე იზრუნებს,“ – ამბობს მანანა ტაბაშიძე.

ცენტრში ქართული სამზარეულოს კურსს ირაკლი ტაბატაძე უძღვება. ის ამ საქმეს 2002 წლიდან სწავლობს და პრაქტიკას მუდმივად იღრმავებს.

„მსმენელებს კერძების მომზადებასთან ერთად მათ გაფორმებასაც ვასწავლი. სამზარეულოში უსაფრთხოების წესებს, პროდუქტების მოვლის, შენახვის, დაფასოების საკითხებს, დოზირებასა და კალკულაციას ვაცნობ. ერთი თვე რეცეპტების ჩაწერას დავუთმეთ. ახლა პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავედით. კერძებისთვის საჭირო პროდუქტები მოსწავლეებს მოაქვთ და ერთად ვამზადებთ. თითოეული მათგანი ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. მათ უკვე შეუძლიათ ამ სპეციალობით დასაქმდნენ და განვითარდნენ,“ – ამბობს ირაკლი ტაბატაძე.

„ზოგჯერ ხარაგაულში კერძისთვის საჭირო ინგრედიენტს ვერ ვშოულობთ, რაც პრობლემაა. სხვა მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, – ამბობს ქართული სამზარეულოს კურსის მსმენელი რიტა ვეფხვაძე, – თუ ვაკანსია გამოჩნდება, ჩემს ცოდნაში დარწმუნებული ვარ და დავსაქმდები. იმდენად საჭირო პროფესიაა, სამსახური რომც ვერ ვიშოვო, ამ ცოდნას ოჯახში გამოვიყენებ. კარგი იქნება სამომავლოდ კონდიტერი თუ გვეყოლება, რომ ტკბილეულის მომზადება ვისწავლოთ“.

„მეფუტკრეობის სასწავლო პროგრამა სხვადასხვა ლიტერატურაზე დაყრდნობით წინასწარ მოვამზადე. სწავლება სამთვიანია და მრავალი საკითხის შესწავლას ითვალისწინებს, – ამბობს გიორგი ლომსაძე, – მსმენელებს ასევე ვაჩვენებ ვიდეოებს, რომელიც მათ თეორიული მასალის უკეთ გაგებაში ეხმარება. პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩემს საფუტკრე მეურნეობაში ვატარებთ. მეფუტკრეობის ჯგუფში18 მსმენელია. ძალიან მონდომებულები არიან. ზოგიერთ მათგანს ფუტკარი უკვე ჰყავს, ზოგი მათგანი ახლა აპირებს ფუტკრის შეძენას. ფუტკარი არა მხოლოდ თაფლს, არამედ – ცვილს, შხამს, რძეს, დინდგელს იძლევა. თითოეული მათგანის მოპოვებასა და წარმოებას ვსწავლობთ. ხარაგაულში მეფუტკრეობის განვითარებისთვის კარგი პირობებია, ამ პროფესიის დაუფლება კი – სამომავლოდ შემოსავლის მომტანი“.

ჭრა-კერვის ტრენერმა მაყვალა სებისკვერაძემ სასწავლო პროგრამა ასევე თვითონ შეადგინა. ის ამბობს, რომ სწავლებას ელემენტარული საკითხებიდან იწყებს.

„ჩვენი წრის წევრებმა უკვე შეისწავლეს ზომების აღება და თარგების აგება, ასევე მანქანებზე მუშაობა. მათ უკვე შეუძლიათ ქალის კაბის შეკერვა. ახლა ქალის ზედა ტანის ტანსაცმლის კერვას ვსწავლობთ. ერთ ჯგუფში 14 მსმენელი მყავს, მეორე, კომერციულ ჯგუფში, – 10. თითოეული მათგანი ძალიან მონდომებულია. ზრდასრულთა განათლების ცენტრი ხარაგაულელ დიასახლისებს სახლიდან გამოსვლასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად ეხმარება. აქ ისინი პროფესიას ეუფლებიან და მომავალში დასაქმების პერსპექტივა უჩნდებათ“, – ამბობს მაყვალა სებისკვერაძე.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ქართული სამზარეულოს შემსწავლელი კურსის მეცადინეობაზე.