ამ დღეს მოსწავლეები ერთი დღით საკუთარ თავზე იღებენ სკოლის მართვას – ითავსებენ სკოლის დირექტორის, სასწავლო ნაწილის, მასწავლებლის, ბიბლიოთეკარისა თუ ექიმის  ფუნქციებს.

თვითმმართველობის დღის მოწყობა უკვე ტრადიციად იქცა ხარაგაულის #2 სკოლაში. წელს ეს ღონისძიება მეთოთხმეტედ გაიმართა.

სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე ამბობს, თვითმმართველობის დღის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა. მისი ინფორმაციით, თვითმმართველობის დღეს მოსწავლეები მთელი წელი ინტერესით ელოდებიან. რამდენიმე მოსწავლემ პედაგოგობა სწორედ ამ ღონისძიების გავლენით გადაწყვიტა.

თვითმმართველობის დღეს მოსწავლეები უფრო მეტად მობილიზებულები და მოწესრიგებულები არიან. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეთა ორგანიზებით VIII-XI კლასებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრება „რა? სად? როდის“ გაიმართა , მოეწყო კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა.

სკოლის „დირექტორი“ იყო – თამარ ჭიპაშვილი, „სასწავლო ნაწილის გამგე“ – ლიზა ბარბაქაძე, „პედსაბჭოს თავმჯდომარე“ – გრიგოლ ხიჯაკაძე, „ბიბლიოთეკარი“ – გვანცა მაღლაფერიძე, „საინფორმაციო მენეჯერი“ – ბარბარე გიორგიძე, „ექიმი“ – საბა მესხი.

სხვადასხვა საგნის მასწავლებლების როლები მოირგეს – გურამ ბერაძემ, ნონა მაჭავარიანმა, გვანცა ყრუაშვილმა, თამარ ჭიპაშვილმა, ანამარია კურტანიძემ, ლუკა გურგენიძემ და სხვებბმა.

მეთორმეტე კლასელმა ნონა მაჭავარიანმა თავის კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩაატარა. ნონა ამბობს, რომ ეს დღე მისი თანაკლესელებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან რამდენიმე დღეში სკოლას ამთავრებენ. ნონა მიიჩნევს, რომ მასწავლებლის როლში მყოფები უფრო მეტად აფასებენ პედაგოგის შრომას.

თვითმმართველობის დღე ხარაგაულის #2 სკოლაში 2006 წლის შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.