ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.

სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა: საჯარო სამსახურის ბიურო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა.

2018 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები: IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2018 წელს: მონიტორინგის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. IDFI-მ 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6,413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღო 3,653 განცხადებაზე, არასრულყოფილი – 493 მოთხოვნაზე, უარი – 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებულ იქნა 959 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები. ასევე პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტების და ხარჯების, უწყების წინაააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება.

წყარო