„1962 წლიდან ჟურნალი მიჭირავს ხელში“, – ხშირად სიამაყით იტყვის ხოლმე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი მერი გიორგიძე. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მერი მასწავლებელი ახალგაზრდებს ქართული ენისა და ლიტერატურის მადლს აზიარებს. მრავალი თაობა დაფრთიანდა მისი მზრუნველობით. შემდეგ  მათ რიგიანი სიტყვა თქვეს ხელოვნებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. უამრავი მადლიერი, გულისხმიერი ადამიანი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მერი მასწავლებელთან გატარებული მოსწავლეობის წლებს და ღმერთს მადლობას სწირავს ამისათვის.

ღირსეული, ამაგდარი პედაგოგი 17 მაისს 80 წლის გახდა, თუმცა დრომ ვერაფერი დააკლო. გასაოცარი ზეპირმეტყველებით, შესაშური მხატვრული ოსტატობით ახელოვნებს ახალგაზრდებს. მშობლიურ ხარაგაულში თუკი რამ კულტურული ღონისძიება ტარდება, მერი მასწავლებელი არსად დააკლდება. უყვარს სიცოცხლე, ცხოვრება. იგი ყოველთვის მაქსიმალისტია.

სკოლაში პირველი გაკვეთილი უნდა ჩაატაროს. გაკვეთილის დაწყებამდე ნახევარი სააათით ადრე უნდა შევიდეს საკლასო ოთახში. მეგობრული საუბრები ზარის დარეკვისთანავე საქმიანი წინადადებებით იცვლება.

მერი მასწავლებლის სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის მრავალი წიგნი დევს, მრავალმნიშვნელოვნად გახაზულ-ჩანიშნული. იგი მუდმივად რაღაცას ეძებს, რაღაცას წერს, მუდამ ახლის ძიებაშია…

მერი მასწავლებელი ფოტოგრაფიული სიზუსტით იხსენებს ხოლმე მშობლიურ თეთრაწყაროში გატარებულ ბავშვობას, სოფელ ვარძიაში ჩატარებულ პირველ გაკვეთილს, ცხოვრების ერთგულ თანამგზავრს, ბატონ ავთანდილ ხიჯაკაძეს, ვაჟკაცის დაბადებას, ტყუპი ქალიშვილების აღზრდას, შვილიშვილებს…

მერი მასწავლებელო, ღმერთმა გიდღეგრძელოთ მონაგარი, წინ კი დატვირთული, საინტერესო ცხოვრება გქონებოდეთ, რათა მომავალში კვლავაც ბევრი გაიხსენოთ.

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის კოლექტივი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ 80 წლის იუბილეს.