მასწავლებელი ადამიანურობის სამჭედლოს დიდოსტატია, საუკეთესო თაობების აღზრდის ხელოვნება კი – ურთულესი და ხანგრძლივი. აღმზრდელი ბავშვის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. სწორედ ასე იცხოვრა ლამარა ციცქიშვილმა, რომელმაც საკუთარი ცხოვრებიდან 57 წელი სკოლის კედლებში გაატარა. ეს მთელი ბიოგრაფიაა, ბიოგრაფია ღირსეული, შრომისმოყვარე, დიდი ინტელექტის მქონე, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის აღმზრდელისა, რომლისთვისაც მთავარი მცნება იყო და არის – უკან მიმდევარი წინ მიმავლის კვალს უნდა მიჰყვებოდეს, რომ მოსწავლენი აღიზარდნონ მასწავლებლის მაგალითზე.

ასე ესმოდა, ასეთი იყო, ასე სჯეროდა. იცოდა, რომ მისი ქცევა, მისი საქმიანობა, მისი ხედვა იყო გადაშლილი წიგნი, რომელშიც ყველა მოსწავლეს უნდა ამოეკითხა გონიერება, სიკეთე, სიყვარული, გულისხმიერება, თანადგომა და ერთგულება. სწორედ ამიტომ სჯეროდათ მისი ყველას – მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებს, კოლეგებს. ყველამ იცოდა, რომ მისი სიტყვა ღირსეული პედაგოგის ნათქვამი და ნაფიქრალი იყო.

წარმატებებით იარა თავისი მოღვაწეობის მრავალფეროვან გზაზე. მუშაობდა პედაგოგად, სკოლის დირექტორის მოადგილედ, ათეული წელი – სკოლის დირექტორად. ყველა პოზიციაზე წარმატებული და თავისი საქმის უბადლო შემსრულებელი იყო, – მასწავლებელი, მართლაც, „ათასი ბავშვის მშობელი“. ყოველთვის ზრუნავდა თავის პროფესიულ განვითარებასა და კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარებაზე.

მარელისის სკოლაში მისი თაოსნობით ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განხორციელდა. ყოველი მისი წამოწყება და ინიციატივა სიახლეებისა და საჭიროებების სწორი ხედვით იყო გაჯერებული. ყოველთვის ახერხებდა გუნდის შექმნას და ლიდერის ფუნქციის წარმატებით შესრულებას.

მისი საქმიანობის პრიორიტეტი ყოველთვის მოსწავლე იყო. მისი შეხედულება და თვალსაზრისი ყოველთვის იყო თეზისი, რომ სკოლას და პედაგოგს საქმე აქვს  ბავშვებთან, სათუთ არსებებთან,  რომელთაც ბევრი რამ აქვთ სასწავლი, ასათვისებელი, შესაცნობი და მასწავლებელს არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება. გარდა ამისა, ყველა მოსწავლე ინდივიდია და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ყველას სხვადასხვა უნარი აქვს, სხვადასხვა ნიჭი, ხედვა, სხვადასხვა ოჯახური კულტურის მქონეა. ამიტომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭიდება, რომ ამ ყველაფერს შეეჭიდოს და განსხვავებული თარგებიდან ერთნაირად ღირსეული და სრულყოფილი პიროვნებები ჩამოაყალიბოს.

ამ მრწამსით გაატარა სკოლაში უამრავი წელი. ამ შეგონებით აგრძელებს დღესაც ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას. ამასვე მოუწოდებს ახალბედა პედაგოგებს.

მარელისის სკოლის მოსწავლეებმა და სკოლის ყველა თანამშრომელმა დიდი სიყვარულით აღვნიშნეთ ამაგდარი პედაგოგის, ქალბატონი ლამარას, დაბადების დღე. იყო სიყვარული, სითბო, ყვავილები, ტორტი, სანთლები, მოფერება და სურვილი კიდევ დიდხანს მოღვაწეობისა მომავალი თაობების აღზრდისათვის.

გილოცავთ, საყვარელო ლამარა მასწავლებელო, თქვენი ცხოვრების 82-ე გაზაფხულს. მრავალი გეზეიმოთ და კიდევ დიდხანს გეტარებინოთ მასწავლებლის გაუხუნარი მანტია.

მარელისის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება