ხარაგაულელი რუსუდან ფცქიალაძე მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში, ორი თვეა ჩაერთო. ის ამბობს, რომ წამლები იმდენად გაძვირდა, მათ შესაძენად პენსია აღარ ყოფნის. „ამ პროგრამაში ჩავერთე, მაგრამ ის მედიკამენტი, რომელსაც მე ვიყენებ, ჩამონათვალში არაა. ექიმმა მისი შემცვლელი უნდა გამომიწეროს და აფთიაქს მივაკითხავ. კარგი პროგრამაა, თუმცა კმაყოფილი ვიქნებით, მედიკამენტების ჩამონათვალი თუ გაიზრდება,“ – ამბობს რუსუდან ფცქიალაძე.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას ითვალისწინებს. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში შეუძლიათ. ესენია: „PSP“, „ავერსი“,  „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“.

მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ:

nგულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
n შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
n ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
n ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
n ეპილეფსია;
n პარკინსონის დაავადება.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები არიან:
– სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად);

– საპენსიო ასაკის მოქალაქეები;
– მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
– პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
– ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

ორი თვეა, რაც გულის სტენტირება გაიკეთა ხარაგაულელმა რობერტი ნიქაცაძემ. ბევრი წამალი სჭირდება და მის შესაძენად მცირე შემოსავალი არ ყოფნის. „ამ პროგრამაში ჩასართავად ხარაგაულის სოციალური მომსახურების ცენტრს მივმართე. მითხრეს, რომ ფორმა N100 სრულად არ არის შევსებული. ისევ საავადმყოფოს უნდა მივაკითხო და სრულყოფილად შევავსებინო. წამლებს თუ შეღავათიან ფასად მომცემენ, მაგას რა აჯობებს,“ – ამბობს რობერტი ნიქაცაძე.

ამ პროგრამით სარგებლობისთვის პაციენტმა თავდაპირველად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ რეგისტრაციისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს მიმართავს და ექიმის მიერ გაცემულ ფორმა N100-ს წარადგენს. მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ აფთიაქს უნდა მიაკითხოს.

ღორეშის საექიმო ამბულატორიის ექიმი ია პაქსაშვილი ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩასართავად ფორმა N100-ს და რეცეპტს თვეში დაახლოებით 4-5 პაციენტს უწერს.

„ხშირ შემთხვევაში პაციენტები ქრონიკული დაავადებების მატარებლები არიან, თუმცა დიაგნოზი დადასტურებული არ აქვთ. ამბულატორიის ექიმი დიაგნოზს ვერ დასვამს. ამისთვის შესაბამისი გამოკვლევებია საჭირო. თუ პაციენტს დიაგნოზი დადასტურებული არ აქვს, ჩვენ ვერ ვწერთ ამ პროგრამაში ჩასართავად საჭირო ფორმა N100,“ – ამბობს ია პაქსაშვილი.

„ყველა მედიკამენტი, რომლებიც ამ პროგრამითაა გათვალისწინებული, სრულად გვაქვს აფთიაქში, – ამბობს ხარაგაულის სახალხო აფთიაქის მენეჯერი ნათია ლურსმანაშვილი, – მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ზესტაფონში PSP აფთიაქს ვუკავშირდებით და ისინი მალევე გვივსებენ მარაგს“.

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარს შეღავათიან ფასად შეუძლია მიიღოს შემდეგი მედიკამენტები (გთავაზობთ სავაჭრო დასახელებებით, ზოგიერთი მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტური დასახელება განსხვავებულია).

გულ-სისხლძაღვთა ქრონიკული დაავადებების დროს:

  1. ენალაპრილი 10მგ (მწარმოებელი ქვეყანა საქართველო);
  2. ენაპი 20მგ (სლოვანია);
  3. ლოზაპი 100მგ (სლოვაკეთი);
  4. ლორისტა 100მგ (სლოვენია);
  5. ლოსარ-დენკი 100მგ (გერმანია);
  6. ლორისტა H 50მგ/12.5მგ (სლოვენია);
  7. ამრადიპინი 4მგ/5მგ (საქართველო);
  8. ამრადიპინი 8მგ/10მგ (საქართველო);
  9. პერინდოპრილ/ინდაპამიდი 4მგ/1.25მგ (ამ მედიკამენტზე მიმდინარეობს შესყიდვისთვის საჭირო პროცედურები);
  10. ეგილოკი 100მგ (უნგრეთი);
  11. ნებივოლოლი შტადა 5მგ (გერმანია);
  12. დანები 5მგ (პოლონეთი);
  13. ემკორი 5მგ (საქართველო);
  14. კორდარონი 200მგ (უნგრეთი);
  15. ვარფარინ-ნიკომედი5მგ (პოლონეთი);
  16. დიგოქსინი-გრინდექსი25მგ (ლატვია)
  17. ვეროშპირონი 25მგ (უნგრეთი);
  18. ატორვასტატინი 10მგ (დიდი ბრიტანეთი);
  19. ტორვიტინი 20მგ (საქართველო);
  20. ატორისი 40მგ (სლოვენია);
  21. ზილტი 75მგ (სლოვენია);
  22. პეგორელი 75მგ (პოლონეთი);
  23. მონოსანი 40მგ (ჩეხეთი);
  24. ფუროსემიდი 40მგ (ბულგარეთი);
  25. ამლოდიპინი 5მგ (გერმანია);
  26. კარდიომაგნილი 75მგ (გერმანია);
  27. კარდიომაგნილი 150მგ (გერმანია).

შაქრიანი დიაბეტისთვის (ტიპი 2):

  1. სიოფორი 1000მგ (გერმანია);
  2. ამარილი 2მგ (იტალია);
  3. დიაბეტონი MR 60მგ (საფრანგეთი);

 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისთვის:

  1. თიროზოლი 5მგ (გერმანია);
  2. L – თიროქსინი 50მკგ (გერმანია);
  3. ეუთიროქსი 50მკგ (გერმანია);

 ფილტვის ქრონიკული დაავადებებისთვის (მათ შორის ასთმა):

  1. პულმიკორტი 2მლ (შვედეთი);
  2. ეარფლუსალი 50მკგ/250მკგ (გერმანია);
  3. საფლუტინი 50მკგ/500მკგ (პოლონეთი);
  4. სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა (ესპანეთი);
  5. სალბუტამოლი. 200 დოზა (საფრანგეთი);
  6. მედროლი 16მგ (იტალია);
  7. ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა (ესპანეთი);

ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისათვის:

  1. ლევეტირაცეტამი აკორდი 500მგ (დიდი ბრიტანეთი);
  2. ნეიროლეფსინი 200მგ (საქართველო);
  3. დეპაკინი ქრონო (საფრანგეთი);
  4. დეპაკინი ქრონო (საფრანგეთი);
  5. ლამოტრიქსი (კვიპროსი);
  6. ლამიქტალი 25მგ (პოლონეთი);

პარკინოსის დაავადებისთვის:

  1. ნაკომი 250მგ/25მგ (სლოვენია);
  2. მადოპარი 100მგ/25მგ (იტალია).