მაისსა და ივნისში ხარაგაულში რამდენიმე კულტურული ღონისძიება მოეწყობა.

ეს ინფორმაცია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესგან მოვიპოვეთ.

18 მაისს ეროვნული სამოსის დღე ქუჩაში მსვლელობით აღინიშნება. იმავე დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში „მოხალისე გიდები“ და „მუზეუმების ღამე“ გაიმართება.

26 მაისს ხარაგაულის კინოთეატრში საქართველოს დამოკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი.

27 მაისს ხარაგაული პროექტს „ცოცხალი წიგნები“ უმასპინძლებს.

მაისის ბოლოს ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე) უბისის სკოლაში გამართავს სპექტაკლს „საქართველოს შიშველი სატევარი“, რომელიც მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ამ სპექტაკლს იზა ვეფხვაძე 3 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში გამართავს.

5 ივნისს ხარაგაულში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მაყურებელს გურამ დოჩანაშვილის პიესის „ხორუმი ქართული ცეკვაა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) პრემიერას წარუდგენს. სპექტაკლი ხარაგაულში განმეორებით 7 ივნისს გაიმართება. ამ სპექტაკლით ხარაგაულის სახალხო თეატრი 8 ივნისს ქუთაისში ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2019“ წარდგება.

ფოტოზე: ეროვნული სამოსის დღე ხარაგაულში, 2018 წ.