

თვეზე მეტია, რაცხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი (ა)იპ-ი – „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრი“ დააფუძნა და მის დირექტორად მალხაზ კუპრაძე დანიშნა.
მარტის ბოლოს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, თამაზ გიორგაძის სახელობის სასპორტო სკოლა „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრს“ შეერწყა. რეორგანიზაციის პროცესს გარკვეული სირთულეები მოჰყვა. გასულ კვირაში ყოფილი სასპორტო სკოლის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარესთან აპრილის თვის ხელფასის მიღების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
„გაურკვევლობაში ვართ, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარესთან 15 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ბუღალტერმა როსტომ მესხმა, – სასპორტო სკოლის საბანკო ოპერაციები შეწყვეტილია. დირექტორი პირველი აპრილიდან გათავისუფლებულია. მან 7 აპრილს გვითხრა, ავტომატურად თქვენც გათავისუფლებულები ხართო. ჩვენ 23 იანვარს მივიღეთ საკრებულოსგან წერილი, რომ იგეგმებოდა რეორგანიზაცია, მაგრამ დირექტორს შემდეგ განკარგულება ჩვენთვის აღარ უჩვენებია. მწვრთნელებთან დადებულ ხელშეკრულებებს 31 მარტს გაუვიდა ვადა. ბრძანების წიგნში გაფორმებულია, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან სამი თვით არიან მიღებული ხელშეკრულების საფუძველზე. უნდა დაწერილიყო მეორე ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ. ამ ადამიანებმა იმუშავეს და ხელფასი ხომ უნდა მიიღონ?“
„სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი მალხაზ კუპრაძე განმარტავს, რომ რეორგანიზაციას მთელი რიგი პრობლემები მოჰყვა. „ვერ გაირკვა, რა იგულისხმებოდა რეორგანიზაციაში – ერთი ა(ა)იპ-იდან მეორეში შტატების ავტომატურად გადატანა, თუ მხოლოდ საჭირო კადრების გადაყვანა, – ამბობს მალხაზ კუპრაძე, – გამგეობასთან და საკრებულოსთან კონსულტაციით გადაწყდა, რომ იმ პირებს, ვინც იმუშავეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მივცეთ აპრილის ხელფასი. შემდეგ ეტაპზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით ავიყვან მწვრთნელებს. საბოლოოდ, თანამშრომლობას გავაგრძელებ მათთან, ვინც მუშაობაში რეალურ შედეგს აჩვენებს.“
მალხაზ კუპრაძეს „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ გეგმებზე ვესაუბრეთ.
მისი განმარტებით, სპორტის მთელ რიგ მიმართულებებში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა) დაემატება წრეები. იგეგმება ჭადრაკისა და რაგბის წრეების გახსნა. კალათბურთის ოთხი წრიდან, სავარაუდოდ, ორი დარჩება. მალხაზ კუპრაძის თქმით, ხუნევში არსებული კალათბურთის წრე ნამდვილად არ არგია ბორითელს ან მოლითელს. „ჩვენი მიზანია, ისეთი გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც გამოადგება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს და დანახარჯებს არ გაზრდის. კალათბურთის მიმართულებით ვგეგმავთ ასე: ადგილობრივი მწვრთნელები მოწვეულ სპეციალისტთან სკოლებში გამართულ ჩემპიონატებს დაესწრებიან და გამორჩეული კალათბურთელებისგან ჩამოყალიბდება გოგონებისა და ვაჟების რაიონული ნაკრები გუნდები. ასეთნაირად, გუნდები დაკომპლექტდება თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენლებისგან. რაიონული გუნდები ხარაგაულის სახელით ჩაერთვებიან ყველა შეჯიბრებასა და ჩემპიონატში,“ – ამბობს მალხაზ კუპრაძე.
მისივე განმარტებით, იგეგმება ჭიდაობის ზონალური გუნდების შექმნა, ხოლო ბორითში, კიცხსა დ ზვარეში – არსებული გუნდების გაძლიერება.
მალხაზ კუპრაძე გეგმავს ხარაგაულში სპორტის ოლიმპიური სახეობების დანერგვა-განვითარებას. „4 მაისს გვინდა გამოვეხმაუროთ მსოფლიო გარბენის დღეს, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში ეწყობა. ამ დღეს დარბის ყველა მსურველი, ასაკის მიუხედავად, – ამბობს მალხაზ კუპრაძე, – სპორტის ახლადაშენებული უზარმაზარი დარბაზი უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს და მარტო წრეებში ვარჯიშზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. სპორტული ღონისძიებები უნდა იყოს მასიური და მოიცავდეს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს და ყველა მსურველს, ასაკის შეუზღუდავად. განსაკუთრებით გამორჩეულ სპორტის მოყვარულებს წავახალისებთ წლის ბოლოს შემაჯამებელ ღონისძიებაზე.“
„სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ ადმინისტრაცია 14 შტატით დაკომპლექტდა. მალხაზ კუპრაძე ამბობს, რომ დასადგენი და შესაჯერებელია მწვრთნელების რაოდენობა. სასწავლო ნაწილის გამგეა დავით გელაშვილი, სამეურნეო სფეროს ლევან ჭყოიძე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციას ჰყავს ბუღალტერი, ბუნებრივი აირის საქვაბის სპეციალისტი, ელექტრიკოსი და დეკორატორი. შენობის ფართიდან გამომდინარე, ესაჭიროებათ ოთხი დარაჯი და ხუთი დამლაგებელი.
„ხელისუფლების შემოთავაზებაა, რომ ბავშვთა ფეხბურთის წრეები საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ა(ა)იპ-ში გადავიდეს, – ამბობს ლამხაზ კუპრაძე, – მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. თუ შევხედავ, რომ ზარალდება ვინმე, გავაპროტესტებ. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაარსებული და დაფინანსებული სპორტული სექციები უნდა იყოს საყოველთაო და მასობრივი. თუ კლუბი შეეცდება, რომ მხოლოდ გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვები ავარჯიშოს, დაირღვევა ეს პრინციპები.“
მალხაზ კუპრაძის თქმით, ახალაგებულ სპორტულ დარბაზში ინფრასტრუქტურის მხრივ სრული კატასტროფა დახვდა. საკალათბურთო მოედნის იატაკის ნახევარზე მეტი აიყარა და ხელახლა დაიგო. იგეგმება ეზოს შემოღობვა და სარბენი ბილიკის მოწყობა. სპორტული დარბაზის უკანა მხრეს მრავალსართულიანი ბინის კანალიზაცია მოსაწესრიგებელია. ოთახებში დაზიანებულია ფანჯრები, პირველი სართულის შესასვლელი კედელი წვიმის დროს სველდება, ეზოში მიწის ზემოთ ამოყრილია გარე განათების კაბელები. შენობაში არ არის წყალი. უახლოეს დღეებში შეიძენენ წყლის წნევის დამარეგულირებელ აპარატს და შენობაში წყალი ჩაირთვება.
სპორტული დარბაზი აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ამჟამად აქვთ ძიუდოს ერთი ტატამი, თავისუფალი ჭიდაობის ერთი ლეიბი, ოცი შვედური კედელი, ძელსაკამები, სამი ბაგირი, მაგიდის ჩოგბურთი, მრავალფუნქციური ტრენაჟორები, სარბენი ბილიკი. უახლოეს დღეებში მიიღებენ რინგს ორთაბრძოლებისთვის, ბატუტსა და სატანვარჯიშო ინვენტარს.
მხიარული სტარტების ორგანიზება „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ სამომავლო გეგმაა. მალხაზ კუპრაძის თქმით, ამ ღონისძიებით მიაღწევენ ყველაზე მასობრივ ჩართულობას.
„სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი გეგმავს, რომ საქართველოს ჩემპიონატები და ტურნირები ხარაგაულშიც ჩატარდეს. „მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფედერაციებთან. ადგილობრივი ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატი ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა,“ – ამბობს მალხაზ კუპრაძე და გვპირდება, რომ ღონისძიებებს ხარჯეფექტურად დაგეგმავს.“
ნინო კაპანაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,