გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები დღეს, 23 აპრილს, გამოაქვეყნა.

ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით.

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).

კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში.

ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო,“ – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე გოტფრიდ ჰანემ, – ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის აღიარებას და მთავრობის კეთილ ნებას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.“

მთავრობა გეგმავს შეიმუშაოს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.