ცოტა სიტყვაძუნწია. საუბრის დროს დინჯად ფიქრობს, თუ რამდენად სწორად წარმოთქვამს თითოეულ ფრაზასა და წინადადებას. ცდილობს, გამართული ქართულით ისაუბროს, რადგან არც ისე დიდი ხანია, რაც ფინეთიდან ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

მშობლებმა ხარაგაულში ცხოვრება გადაწყვიტეს. გიორგი გავაშელიშვილი ახლა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მერვე კლასში სწავლობს. მშობლიურთან ერთად ფლობს ფინურ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

რადგან ფინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში წარმატებულად მიიჩნევა, ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებმა გიორგისთან შეხვედრა გადავწყვიტეთ, ფინური სკოლის თავისებურებების გასაცნობად.

დავინტერესდით, როგორ შეეგუა საქართველოში სწავლასა და ცხოვრებას, რა მოსწონს და რა გაუკვირდა ქართულ სკოლაში, როგორ იყენებს თავისუფალ დროს, უკავშირდება თუ არა მისი სამომავლო გეგმები ფინეთს.

ორი წლის იყო გიორგი, ოჯახი ფინეთში რომ წავიდა საცხოვრებლად. 12 წელი ფინეთის ქალაქ კუოპიოში ცხოვრობდა და სწავლობდა.

-თავიდან მძიმედ შევხვდი მშობლების გადაწყვეტილებას ფინეთიდან საქართველოში წამოსვლაზე, – ამბობს გიორგი გავაშელიშვილი, – კარგი მეგობრები მყავდა და მათთან განშორება გამიჭირდა. ჩვენი ქალაქი კუოპიო მომწონდა. მშობლებისგან ვიცოდი, რომ საქართველო ლამაზი ქვეყანაა. თავად არ მახსოვდა. ჩემი მოლოდინი გამართლდა. საქართველოში კარგი ბუნება, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულოა.

რაც შეეხება ქართულ სკოლას, არ მომწონს, მოსწავლეს დაფასთან რომ იძახებენ დავალების შესასრულებლად. ამ დროს მხოლოდ ის ერთი ბავშვი აზროვნებს. დავაკვირდი და ვკითხე სხვა მოსწავლეებს, გაიგეს თუ არა რამე. მითხრეს, რომ ვერა და დაფიდან მექანიკურად იწერდნენ.

ფინეთში გაკვეთილზე ყველას დამოუკიდებლად გვაძლევდნენ დავალებას და რასაც ვერ მოვასწრებდით, მერე სახლში უნდა დაგვესრულებინა. თუ კლასში კარგად გავართმევდით თავს, სახლში ნაკლები სამეცადინო გვრჩებოდა. მე ყოველთვის გაკვეთილზე ვწერდი და ვასწრებდი დავალების შესრულებას.

დავაკვირდი, რომ აქ მოსწავლეთა ნაწილს სწავლის მოტივაცია არ აქვთ და ამას მასწავლებელს ვერ დააბრალებ. ამბობენ, რომ მასწავლებელი არ გვასწავლისო. ჩემი აზრით, თავადაც არ ცდილობენ, არ აინტერესებთ. ფინეთში სხვაგვარადაა. კლასში ცუდი მოსწავლე არ გვყავდა. იქ, თუ მოსწავლეს დამახსოვრების პრობლემა აქვს ან, ვთქვათ, მათემატიკას კარგად ვერ სწავლობს, მასწავლებლები დამატებით, დასვენების პერიოდში, ამეცადინებენ.

ქართულში სხვების ნაწარმოებებს რომ ვკითხულობთ და შემდეგ მასწავლებელი თემის დაწერას გვავალებს, ასეთი რამ ფინურ სკოლაში არ არის. ჩვენ თავად ვწყვეტდით, რა თემა დაგვეწერა.

კუოპიოს სკოლაში ხუთი დღე ვსწავლობდით. იქაც 45-წუთიანი გაკვეთილებია, 15-წუთიანი დასვენებებით. დიდი დასვენება ნახევარსაათიანია.

ფინურ სკოლაში დემოკრატიაა. მოსწავლეებს როგორც გვინდოდა, ისე ვსხდებოდით მერხებთან – ან წრეზე, ან – სხვაგვარად. მოსწავლე ათქულიანი სისტემით ფასდება, მაგრამ 4 ქულაზე ნაკლებს ვერ მიიღებ. მე ათოსანი არ ვიყავი, მაგრამ კარგად ვსწავლობდი.

სკოლაში სწავლა ცხრაწლიანია. დამატებით, მე-10 კლასში, მოსწავლეებს თავიანთი ნიშნების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ. შემდეგ კი ისინი სწავლას პროფესიულ კოლეჯში ან ლიცეუმში აგრძელებენ.

სკოლაში გაკვეთილებზე ვსწავლობდით ხეზე კვეთას, ჭრა-კერვას, რობოტების აწყობას და მათ პროგრამირებას. რომ დავფიქრდეთ, თუ მოინდომებ, საქართველოშიც კარგ განათლებას მიიღებ.

ფინეთში გაკვეთილების შემდეგ კარატესა და ფეხბურთზე დავდიოდი. ხარაგაულში დავდივარ დრამის, ცეკვისა და დოლის შემსწავლელ წრეებზე.

სპორტული ვარჯიშიდან მუსიკის შესწავლაზე გადავედი და ეს ცვლილება კარგია. ქართული ცეკვა ძალიან ლამაზია და მისი შესწავლა მაინტერესებს. დოლზე დაკვრა მომწონს. ამირან მასწავლებელი მაღალი დონის პროფესიონალია, დოლზე ძალიან მაგრად უკრავს. ფინეთის სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე ყველანაირი ინსტრუმენტი გვქონდა და შეგვეძლო, ჩვენი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა გვესწავლა.

ფინეთში, ქალაქ კუოპიოში ახლა ერთადერთი ქართული ოჯახი ცხოვრობს – ჩემი ნათლიის. მამაჩემს პურის საცხობი ჰქონდა. ცხვებოდა ხაჭაპური, ლობიანი და ქართული პური. არდადეგების პერიოდში მე ვყიდდი ამ ნაწარმს და ამაში ანაზღაურებას ვიღებდი.

ერთხელ მოვიდა ტურისტი, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველი აღმოჩნდა და ინგლისურად მკითხა, ქართულად ხომ არ ლაპარაკობო. ეს იყო ფინეთში ქართველთან ჩემი შეხვედრის ერთადერთი შემთხვევა.

ჩემი ფინელი თანატოლები ზაფხულში მუშაობენ. მე ოჯახური ბიზნესიდან საკუთარი შემოსავალი მქონდა, თან საკმაოდ მაღალი. ის ფული მოვაგროვე და ჯერაც არ დამიხარჯავს.

როგორია მეგობრობა ფინეთში? – ისეთივეა, როგორიც საქართველოში. თუ ადამიანს ენდობი და მასთან ერთად დროის გატარება გსურს, უმეგობრდები. ფინელები ცოტა ცივები არიან. ყველაზე კარგი მეგობარი ვინც მყავდა, ირანელი იყო. იქაურ მეგობრებთან ურთიერთობას სოციალური ქსელით ისევ ვაგრძელებ. ამიტომ კუოპიო ხარაგაულიდან არც ისე შორს მეჩვენება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ პროფესია არ ამირჩევია. თუმცა, შესაძლოა, უმაღლესი განათლება ფინეთში მივიღო, მაგრამ სამუდამოდ უცხოეთში ცხოვრებაზე არ ვფიქრობ. ოჯახის გარეშე სხვა ქვეყანაში ყოფნა გამიჭირდება. მშობლები, ორი ძმა და ერთი და მყავს. სადაც ჩემი ოჯახი იქნება, მეც იქ ვიცხოვრებ.

ფოტოზე: გიორგი გავაშელიშვილი (მარცხნიდან პირველი) ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტებთან ერთად.