ხარაგაულის ბიბლიოთეკაში დღეს, 18 აპრილს, ხარაგაულელი სახალხო მთქმელის – ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩემი ლექსების აკიდო“ – ასე ეწოდება კრებულს, რომელშიც ავტორის 60 ლექსია შესული.

ვიტალი ფცქიალაძე 1948 წელს პირველ თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარტალში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა სოფელ მოლითის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

2016 წელს ვიტალი ფცქიალაძემ მონაწილეობა მიიღო ზეპირსიტყვიერების შესარჩევ ტურში, სადაც მან ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების წამყვანის, პროფესორ ეთერ თათარაიძის მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ლაურეატის წოდება მიიღო.

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, 2017 წელს ხარაგაულში გამართულ ფოლკლორის საღამოზე ეთერ თათარაძის ინიციატივით დაიგეგმა ვიტალი ფცქიალაძის ლექსების კრებულის გამოცემა. კრებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 

ღონისძიებაზე სახალხო მთქმელს დიდხანს სიცოცხლე, მხნეობა უსურვეს და კრებულიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა, ხარაგაულელმა პოეტებმა – ვალერი გოგნაძემ და ნიკოლოზ წიკლაურმა, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ, მსახიობმა ვასილ კიკნაძემ, დავით ჩადუნელმა, პედაგოგმა მერი გიორგიძემ.

„დღეს ჩემი მეოთხე შვილის დაბადების დღეს ესწრებით, – ასე უწოდა ვიტალი ფცქიალაძემ კრებულის პრეზენტაციას, – რომ არა ეთერი თათარაიძის, ირინე ჩხეიძისა და თითოეული თქვენგანის მხარდაჭრა, ჩემი ლექსები დღის სინათლეს ვერ იხილავდა. დიდი მადლობა ყველას“.

გთავზობთ ვიტალი ფცქიალაძის ერთ ლექსს:

„ჯერ გაღმა გასვლა ადრეა,
არა მგონია არ მჯერა,
ჯერ კიდევ ათბობს თოხის ტარს,
ჩემი ალალი მარჯვენა…
მხოლოდ ერთსა გთხოვ, უფალო,
სიმართლე მიმაკვლევინე,
ჩემი ალალი ნათესი
ალალად მომამკევინე…
ნეტავი ნატვრა მანატრა,
ეს ნატვრა ასრულდებოდეს,
ამ ქვეყანაზე ოდესმე
ქაოსი დასრულდებოდეს.
ჩემი სამშობლოს საჭესთან
ჭკვიანი კაცი მაჩვენე,
მოღალატე და ორგული,
უფალო, შენ შეაჩვენე.
ერთი თვე მაინც მაცოცხლე
კაცთმოყვარების დროშის ქვეშ,
უფლის მცნებები სუფევდეს
ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ“.