

პროექტი, რომელსაც ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა (დირექტორი ვალერი გოგნაძე) აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, სახალხო დიპლომატიის ნაწილია. ქართველი და აფხაზი ერები უნდა დაახლოვდნენ, – აღინიშნა ამ პროექტის პრეზენტაციაზე. პროექტის იდეა შარშან, საატესტატო გამოცდების მიმდინარეობისას, დაიბადა. ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტრომ დამკვირვებლად აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მედეა ზუხბაია მოავლინა. პროექტის კოორდინატორია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა მაღრაძე, რომელსაც ეხმარებიან ისტორიიის, გეოგრაფიის, ქართულისა და ხელოვნების პედაგოგები.
პროექტი რამდენიმე ეტაპიანია. აფხაზეთის თემაზე უკვე ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში (პედაგოგები ნინო ბარბაქაძე და მარინა მაღრაძე). მოსწავლეები გაეცვნენ ქართველ პოეტთა და მწერალთა შემოქმედებას აფხაზეთის თემაზე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად აფხაზეთის ისტორიის გასაცნობად, შექმნეს ალბომები და გამოუშვეს კედლის გაზეთი. ხელოვნების მასწავლებლის მარინე ვეფხვაძის დახმარებით შექმნეს თვალსაჩინოებები. მუსიკის მასწავლებელ რუსუდან თაბაგარის ხელშეწყობით კი დაგეგმეს მხატვრული ღონისძიება.
11 აპრილს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია.“ მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა კვარაცხელია, ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტები ლეილა ბაღბაია, მედიკო ზუხბაია და ლეილა თორია.
მოსწავლეებმა აფხაზეთის გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, ტრადიციების, ხუროთმოძღვრებისა და ფოლკლორის შესახებ ვიდეო და ფოტო მასალის გამოყენებით ისაუბრეს. შეასრულეს აფხაზეთსა და პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები, სიმღერები და ცეკვები. დამსწრეთ გააცვნეს აფხაზეთის სამზარეულო და სააღდგომო ტრადიციები. ღონისძიების ორგანიზატორმა მარინა მაღრაძემ მადლობა გადაუხადა მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუმრებს და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი პროექტები დაგვაახლოვებს აფხაზეთთან.
-აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, – აღნიშნა ხარაგაულის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – კარგია, რომ ახალმა თაობამ აფხაზეთი თავიანთ ტკივილად გაიხადა. ირინე ჩხეიძემ ცრემლით გაიხსენა აფხაზეთის ომი, ამ ომში დაღუპული თანაკლასელი თემურ ბაბლიძე და ისურვა, რომ მალე აფხაზეთთან დაკავშირებული ტკივილი სიხარულად შეიცვალოს.
სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ გაიხსენა აფხაზეთის ომის პერიოდი, როცა სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა აფხაზეთში. მან აფხაზეთის სამინისტროს წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ 5 მაისს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა ეწვევა ზუგდიდის #1 საჯარო სკოლას. დამეგობრებული სკოლების მოსწავლეები ენგურის ხიდიდან უსურვებენ მშვიდობას აფხაზეთს.
-აფხაზეთი საქართველოს კი არა, მსოფლიოს მარგალიტია, – აღნიშნა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ, – ყველა ქართველს გულის ფიცარზე უნდა გვეწეროს, რომ აფხაზეთი იყო, არის და იქნება ჩვენი სამშობლოს ტერიტორია.
ქალბატონმა მედეა კვარაცხელიამ კმაყოფილება გამოხატა ხარაგაულისა და ხარაგაულელების, ასევე ჩვენი ისტორიისა და კულტურის გაცნობით: „ხარაგაულელმა მოსწავლეებმა რომ ამდენი რამ იციან აფხაზეთზე, ეს სკოლისა და მასწავლებლების დიდი დამსახურებაა. სანამ საქართველოს ასეთი მომავალი თაობა ეზრდება, საქართველოს გადაშენება არ უწერია.“
მოწვეულმა სტუმრებმა მასპინძელ სკოლას საჩუქრები გადასცეს.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,