ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ღია ესტრადას გივი ბუაჩიძის სახელი მიენიჭება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივგებისა და უკვდავყოფის მიზნით კი ამ მეომრების საცხოვრებელ სახლზე გაკეთდება შესაბამისი წარწერა, ხოლო მათი საცხოვრებელი ბინების წინამდებარე ქუჩებს მათ სახელებს უწოდებენ.

ეს ორი გადაწყვეტილება საკრებულომ 7 აპრილს მიიღო ინიციატორთა დარბაზის წინადადებების გათვალისწინებით.

ღია ესტრადისთვის გივი ბუაჩიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი წარწერით ფირნიშის დამზადება დაავალა; დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავყოფისათვის კი გამგებელმა საკრებულოს წინადადებები უნდა წარუდგინოს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებთან და შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ.

ხარაგაულში ინიციატორთა დარბაზი, – ოცამდე მოქალაქის გაერთიანება, – მესამე თვეა, რაც თვეში ერთხელ იკრიბება ინიციატივების შესამუშავებად, საჭიროებისას კი ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ სხვა სამსახურებისათვის მისაწოდებლად.

ინიციატორთა დარბაზის წევრებმა დასვეს სოფელ ხევში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი ტრაფარეტის დადგმის, ასევე დაბა ხარაგაულში ინეზარდას წყაროსა და საზოგადოებრივი სარგებლობის სველი წერტილის მოწესრიგების, ძირულიდან ზესტაფონის მიმართულებით მიმავალი ძველი გზის აღდგენის, მაისუროვის ბაღის განახლების, დაბა ხარაგაულში სასმელი წყლის ფანტანების აღდგენის, კანალიზაციის გაკეთების, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეგროვების, ხარაგაულის განვითარების გეგმის შემუშავებისა და სხვა საკითხები.

გასულ პარასკევს გამართულ მორიგ შეკრებაზე მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ დასმული ინიციატივებიდან ნაწილი შესრულებულია, ნაწილის გადაჭრაზე მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლება, ხოლო ზოგიერთის გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება.

-ნიკო მაჭავარიანმა წამოჭრა მაისუროვის ბაღის ახალი ნერგებით განახლების წინადადება, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – საკმაოდ კარგად იმუშავა ვაჟა მაჭავარიანმა, რწმუნებულები ჩართო ამ საქმეში და კაკლის ოცდაათამდე ნერგი მოვაგროვეთ. თუმცა მეწყერის გამო ავტომანქანით ასვლა შეუძლებელი გახდა და ამ ნერგებს შემოდგომაზე დავრგავთ მაისუროვის ბაღში.

სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ტანსაცმელების შეგროვება-გადაცემაზე შეფობა რესურსცენტრმა აიღო და ამ პროცესში ყველა სამსახური ჩაერთო. შეგროვდა დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, რომელიც ბავშვებს გადაეცემათ.

გამგებლის მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხევში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი ტრაფარეტის დადგმასთან დაკავშირებით გამგეობამ მიმართა საგზაო დეპარტამენტს, საიდანაც ელოდებიან პასუხს.

მისივე თქმით, ხარაგაულში ინეზარდას წყარო და საზოგადოებრივი ტუალეტი წლის მეორე ნახევარში მოწესრიგდება. რაც შეეხება ძირულაში ძველი საავტომობილო გზის აღდგენას, ამ გზის მოვლა-პატრონობა, 2014 წლის განმავლობაში, ევალება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას შპს „ბორანი“ (ხელმძღვანელი ამირან არაბიძე). როგორც მკითხველისთვის ცნობილია, აზიის განვითარების ბანკი განახორციელებს ძირულა-ფონას საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის პროექტს. საგზაო დეპარტამენტმა კი ამ საავტომობილო გზის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება დაავალა შპს „ბორანს“. მიხეილ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ძირულიდან ზესტაფონისკენ მიმავალ ძველ საავტომობილო გზას უახლოეს დღეებში გრეიდერი გაასწორებს და გაწმენდს. პრობლემური ადგილები მოიხრეშება ისე, რომ ტრანსპორტმა მოძრაობა შეძლოს.

7 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ინიციატორთა დარბაზის წევრებმა ისაუბრეს კინოთეატრის მიმდებარედ არსებული მუზის ქანდაკების რესტავრაცია-განახლების აუცილებლობაზე; ინიციატორთა დარბაზის შეხვედრების სოფლებში შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით; ცენტრალური და საბავშვო ბიბლიოთეკების გაფართოების აუცილებლობაზე; 9 აპრილის სკვერში 9 აპრილს დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფად წარწერის გაკეთების საჭიროებაზე და ასევე იმაზე, რომ ხარაგაულში უახლოეს მომავალში იგეგმება დიდი ოდენობით ნერგის გაშენება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი შედეგიანი იყოს.

მიხეილ ჭიპაშვილი, გამგებლის მოადგილე: -სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან უნდა უზრუნველვყოთ 3 500 ნერგის (ათას-ათასი ძირი იფანი, ნეკერჩხალი, აკაცია და 500 ძირი ქართული მუხა) ტრანსპორტირება, დარგვა, შეღობვა და ხუთი წლის განმავლობაში მოვლა-პატრონობა. ნერგები დაირგვება სოფელ ისლარში, პატარა ხარაგაულისა და ისლარის საზღვარზე, დაახლოებით 4,5 ჰა ტერიტორიაზე. კეთილმოწყობის სამსახური მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გაიხარებს იმ ნიადაგზე ეს ნერგები, სატყეოს სპეციალისტებთან ერთად დავათვალიერეთ ტერიტორია. სინჯები არ აგვიღია და ნიადაგი არ გამოგვიკვლევია, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებით შესაძლებელია დასკვნა, რომ იფანის, აკაციისა და მუხის ნერგები გაიხარებს. შესაძლებელია, ზრდის პრობლემა შეექმნას ნეკერჩხალს და ასეთ შემთხვევაში დასასუქებას მოვახდენთ.

ლაურა გოგოლაძე