ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი აპრილიდან მოსწავლეების ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევას იწყებს.

რა პროგრამებს განახორციელებს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრი 2019 წელს და რატომ არ არის საკმარისი ცენტრალური ბიუჯეტიდან დელეგირებული ტრანსფერით გამოყოფილი 70 ათასი ლარი ამ სამსახურის ფუნქციონირებისათვის, – ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორს შმაგი ხიჯაკაძეს ვესაუბრეთ.

„ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევისათვის წელს 4 500 ლარია გამოყოფილი, მოწვეული ენდოკრინოლოგები გამოიკვლევენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს, სულ 360 მოსწავლეს. ექიმები ორი დღის განმავლობაში ხარაგაულსა და ბორითში გასინჯავენ მოზარდებს. მათ, ვისაც ექოსკოპიური გამოკვლევისა და სისხლის ანალიზის გასინჯვის საჭიროება დაუდგინდებათ, ამ კვლევებსად დავუფინანსებთ. ცნობისთვის, – ექოსკოპია და სისხლის ანალიზი ჩიყვზე 80 ლარი ღირს.

მოსწავლეების ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას შარშან ვგეგმავდით. თუმცა 2018 წელს ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა სმენადაქვეითებულთა პროგრამას მოვახმარეთ.

ხარაგაულში სმენადაქვეითებულებს, 2017 წლიდან, შვედი ექიმები იკვლევენ. გამოკვლეულია ხარაგაულში მცხოვრები, სმენის დარღვევის მქონე თითქმის ყველა პირი. თითოეულმა მათგანმა მიიღო რეკომენდაციები. სმენის დარღვევის მქონე 200-მდე პირს სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადაეცა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2020 წელს მთავრდება. C ჰეპატიტის გამოკვლევა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამით დაავადების გამოკვლევა და მკურნალობა უფასოა, მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია. C ჰეპატიტზე სულ გამოკვლეულია საქართველოს მოსახლეობის 50%.

შარშან სამეგრელოში განხორციელდა საპილოტე პროგრამა, რომელიც ყოველ გამოკვლეულ პაციენტზე ოჯახის ექიმისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემას ითვალისწინებდა. წელს ეს პროგრამა ჩვენს რეგიონშიც განხორციელდება, რისთვისაც ოჯახის ექიმები ტრენინგებს გაივლიან. ახლახან ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 7 600 ლარით გაგვიზარდეს. აქედან 4 ათას ლარს ამ პროგრამის განსახორციელებლად გამოვიყენებთ. ამ  დრომდე C ჰეპატიტზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 ათასი პირია გამკვლეული, მათგან 213 შემთხვევაში ტესტის პასუხი დადებითი იყო.

2019 წლის დასაწყისში საქართველოს გარკვეულ რეგიონებში წითელას ეპიდემია დაფიქსირდა. ხარაგაულში წითელაზე საყოველთაო ვაქცინაცია ჩატარდა. შარშან და წელს წითელაზე არაგეგმიურად აცრილია 1501 ადამიანი. გეგმიური აცრები ხარაგაულში მცხოვრებ ყველა ბავშვს აქვს ჩატარებული. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელასა და H1N1 ვირუსული გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვქონდა ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო საშუალება „ტამიფლუ“. ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, ამ წლის პირველი იანვრიდან დღემდე, 200 ტაბლეტი „ტამიფლუ“ გაიცა. ამ პრეპარატის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს დღესაც შეუძლიათ.

ყოველწლიურად ფეხმძიმეებისა და სამედიცინო პერსონალისათვის იმართება ვაქცინაცია გრიპის ვირუსზე. გასული წლის შემოდგომაზე 40 ვაქცინა დამატებით გადმოგვცეს. ადამიანებს აცრების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ. გრიპის ვირუსზე აცრის მსურველ ადამიანებს ვეძებდით.

გრიპის პროფილაქტიკისთვის აცრები წელსაც ჩატარდება. ვადგენთ აცრის მსურველთა სიას, რომლის მიხედვითაც მოვითხოვთ ვაქცინას. ვინაიდან ხარაგაულში სამშობიარო განყოფილება არ არის, ჩვენ, ფაქტობრივად, აღრიცხვაზე აყვანილი ორსულები თითქმის არ გვყავს. ამის გამო ხარაგაულელი ორსულები იმ საავადმყოფოებში იცრებიან, სადაც აღრიცხვაზე არიან.

2018 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სოფელ საღანძილეში, საბესა და სარგვეშში იმ ადამიანებს ესტუმრნენ, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ. მათ ადგილზე უფასოდ ჩაუტარდათ სისხლისა და შარდის ანალიზები, შეამოწმეს სისხლში კრეატინინისა და შაქრის დონე, გადაუღეს ელექტროკარდიოგრამა. ის პაციენტები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან სხვა მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებში, ამ პროგრამაში ვერ მონაწილეობენ. მაგალითად ვარძიაში 50 მოძრაობა შეზღუდული ბენეფიციარია. მათგან მხოლოდ იმ 22 ბენეფიციარის გამოკვლევა შეგვიძლია, ვინც ხარაგაულის საავადმყოფოში არიან დარეგისტრირებულნი ან ჯერ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ დარეგისტრირებულან.

26 მარტს ხარაგაულელი ოჯახის ექიმები ქუთაისის „ევექსის“ კლინიკაში საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, ხოლო აპრილში „ევექსის“ კლინიკის ექიმები – კარდიოქირურგი, კარდიოლოგი, ქირურგი, ენდოკრინოლოგი,  გინეკოლოგი ხარაგაულში გვეწვევიან და მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად ვსაზღვრავთ პაციენტების ასაკობრივ კატეგორიას, რომლებიც ამ პროგრამაში ჩაერთვებიან. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

2017 წლიდან დღემდე ქუთაისის სკრინინგ ცენტრში 800-მდე მსურველი გამოვიკვლიეთ. პროგრამის პირველ ეტაპზე ადამიანები ამ პროგრამას უნდობლად უყურებდნენ და მასში არ ერთვებოდნენ. ახლა მომართვიანობა გაიზარდა. გამოკვლეულთაგან რამდენიმეს ოპერაცია დასჭირდა და გამოჯანმრთელდა.

სკრინინგს „ევექსის“ მაღალტექნიკურ კლინიკაში ვატარებთ. ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში ორ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდირებული; საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში, – სამ წლიანი ინტერვალით; პროსტატის კიბოს სკრინინგი, 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში, – წელიწადში ერთხელ; ხოლო მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, 50-დან 70 წლამდე ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის – ორ წლიანი ინტერვალით ტარდება.

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის სუბსიდია, დელეგირებული ტრანსფერით, 70 ლარითაა განსაზღვრული. ცენტრალური ხელისუფლებისგან დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხარაგაულის თვითმმართველობა ჯანდაცვის ცენტრს 55 ათას ლარს მუნიციპალიტეტის სახსრებიდან უმატებს; ანუ, ჯამში, 2019 წლისათვის, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის ბიუჯეტი 125 ათას ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 22 თანამშრომელზე გასაცემი სახელფასო ფონდი 109 ათასი ლარია, 4500 ლარი ფარისებრი ჯირკვლის პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო დარჩენილი 11 ათასი ლარი – სხვადასხვა ხარჯებისთვის.

რატომ არ არის საკმარისი დელეგირებული ტრანსფერით გამოყოფილი 70 ათასი ლარი  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფუნქციონირებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე გვპასუხობს: „ჩვენ ვექვემდებარებით ადგილობრივ ხელისუფლებას. მას ეკუთვნის ეს ააიპი, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად არ გვაფინანსებს. 70 ათასი ლარი კი არა, 700 ათასი ლარი არ გვეყოფა, თუ ვიმუშავებთ. მაგალითად, პროსტატის კიბოს პირველი ან მეორე სტადია, ქირურგიული გზით, განკურნებადია. თუ ეს სიმსივნე გადადის III-IV სტადიაში, ოპერაცია ძვირადღირებულია და პაციენტს დამატებით ესაჭიროება ქიმიოთერაპია, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

დაავადებათა პროფილაქტიკასა და ადრეულ სტადიებზე აღმოსაჩენად თუკი ჩვენი სამსახური მაქსიმალურად იმუშავებს, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობას დავიცავთ და სახელმწიფოსაც დიდძალი თანხა დაეზოგება. ადამიანის ჯანმრთელობა უმთავრესია. თუნდაც ერთი ადამიანის შენარჩუნებული სიცოცხლე რამდენი ათასი ღირს?!

რომელ 70 ათას ლარზეა საუბარი, ენთუზიაზმით აღარაფერი კეთდება. 70 ათასი ლარი რა არის და რაში უნდა ეყოს ორგანიზაციას? კი ვიძახით, რომ „შტატები გაბერილია“, მეტი თანხა რომ მქონდეს, ყველა ჩემს თანამშრომელს ექნება თავისი საქმე; აი, მაგალითად, სკრინინგის პროგრამაზე ერთი თანამშრომელია პასუხისმგებელი, გრიპზე – ერთი, არაფერი „გაბერილი“ არ არის. უბრალოდ, თანხა არ გვაქვს, თორემ სამუშაოს მეტი რა არის. გამოკვლევებს რომ ვაკეთებთ სოფლებში იმ პირებზე, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, იცით რამდენი საწვავი გვჭირდება? წიფაში რომ წავიდეთ და მთელი სოფელი მოვიაროთ, 30-40 ლიტრი საწვავი გვჭირდება. როგორ არ გვჭირდება დაფინანსება… ყველაფერი ვითარდება. თანამშრომლები უნდა დატრენინგდნენ, ვერსად მივდივათ. 250 ლარი ღირდა ბათუმში ერთდღიანი ტრენინგი, როგორ გადავიხადო ერთ დღეში 250 ლარი. საჭირო კი არის, მაგრამ ფინანსები არაა საკმარისი. რომელი 70 ათასი ლარი გვეყოფა,“ – ამბობს შმაგი ხიჯაკაძე.

დელეგირებული ტრანსფერით გამოყოფილი 70 ათასი ლარი ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს სანახევროდაც რომ არ ყოფნის, რატომ არ გვიზრდის დაფინანსებას ფინანსთა სამინისტრო? – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვლადიმერ გელაშვილს მივმართეთ. „დელეგირებული ტრანსფერის გაზრდას დასაბუთება სჭირდება. თქვენ რა იცით, რომ არ ყოფნის?  ეს – ჯანდაცვის ცენტრის გაანგარიშებით არ ჰყოფნის. საჭიროა ამდენი? ფინანსთა სამინისტროს უნდა დავუსაბუთოთ, ამდენი კი არა, ამდენია საჭირო. ამას მე ვერ დავასაბუთებ, უნდა დაასაბუთოს სამსახურის უფროსმა“.

თამთა გოგოლაძე