იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უვადო, ქაღალდის (ე. წ. ლამინირებულ)ძველი პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდა ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში 1 მაისამდე გაგრძელდება.

აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე. წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასოდეს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში ისინი სრულიად უფასოდ შეცვლიან ძველ, უვადო დოკუმენტს ელექტრონული პირადობის მოწმობით და მასთან ერთად ასევე უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

ამ აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში დოკუმენტების მიღებისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისთვის დაწესებული საფასურისგან.