ფონდი ტასო, საქართველოს სახალხო დამცველი და გაეროს ქალთა ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიური გაძლიერებისათვის“.
პროექტი 2018 წლის 1 მაისს დაიწყო და ითვალისწინებს ქალებისათვის ღირსეული სამუშაოსა და მდგრადი საარსებო წყაროს ხელმისაწვდომობას; ასევე ქალების ინფორმირებას პროფესიული განათლების, დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.
21 მარტს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ვალერი გოგნაძე) ფონდი ტასოს თანადამფუძნებელი და დირექტორი მარინა თაბუკაშვილი დაინტერესებულ ქალებს შეხვდა და პროექტის შესახებ ესაუბრა.
„პროექტს ორი ძირითადი მიზანი აქვს, პირველი ესაა ქალთა მცირე ბიზნესების ხელშეწყობა და გაძლიერება, ასევე ახალი ბიზნეს იდეების მხარდაჭერა, – აღნიშნა შეხვედრაზე მარინა თაბუკაშვილმა, – ყურადღება მიექცევა განსაკუთრებით იმ ქალებს, რომელთა ბიზნეს იდეები სოფლად წარმოების განვითარებას ეხება. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სოფლებიდან შრომითი მიგრაციაა. ვცდილობთ, ეს როგორმე შევამციროთ.
საქართველოში ცხადდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც სოფლად სერვისების განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა ეს პროგრამები ხელმისაწვდომი არაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ფონდი ტასო ცდილობს, ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს სახელმწიფო პოლიტიკასა და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შორის.
ჩვენ ვმუშაობთ სოციალური მობილიზაციის მეთოდით. ამ მეთოდის ფუძემდებელი ცნობილი ადამიანი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი მუჰამედ იუბნუსია ბანგლადეშიდან. ის ამბობს: „ვინ თქვა, რომ შენ სხვის იდეას უნდა ემსახურო? განა შენ შენი იდეა არა გაქვს? გამოიგონე შენი ბიზნესი, დაიწყე ძალიან მცირედიდან“, როდესაც ადამიანი ემსახურება თავისსავე იდეას, უფრო მოტივირებული და მებრძოლი ხდება. ვცდილობთ ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, განსაკუთრებით სოფლებში,“ – ამბობს მარინა თაბუკაშვილი.
ხარაგაულში პროექტის განხორციელებისათვის უნდა შეიქმნას თვითგანვითარებითი ჯგუფი. ჯგუფში გაწევრიანდებიან ქალები, რომლებსაც საკუთარ საცხოვრებელ ადგილას სურთ რაიმე სერვისის შექმნა, ან აქვთ ბიზნეს იდეა, ან უბრალოდ სურთ იცხოვრონ აქტიურად. ჯგუფში შეუძლიათ გაწევრიანდნენ სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, მოტივირებული ადამიანები, რომლებიც ხარაგაულსა და მის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
ფონდი ტასოს სათემო მუშაკი თინა დავაძე ამბობს, რომ ამჟამად ხარაგაულში ჯგუფში გაწევრიანების სურვილი მხოლოდ ორმა ქალმა გამოთქვა.
„იმისათვის, რომ ჯგუფმა ფუნქციონირება დაიწყოს, მასში ოთხიდან ათ წევრამდე უნდა გაერთიანდეს. ჯგუფის წევრებს, ფონდი ტასოს ხელშეწყობით, პირველ ეტაპზე ვასწავლით სხვადასხვა საბაზისო საკითხებს, როგორ შევადგინოთ სწორად CV, როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი, როგორ მოვამზადოთ პროექტი. ამის შემდეგ დავიწყებთ იმ ბიზნეს იდეების განხორციელებას, რომლებიც ყველაზე რეალური იქნება ჩვენს პირობებში. ბიზნეს იდეის განხორციელება შეეძლება ჯგუფის როგორც ერთ, ისევე რამდენიმე წევრს ერთად“, – ამბობს თინა დავაძე.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი