

„ჩვენი თაობა,“ – ასე უწოდეს სამოყვარულო ფილმების კონკურსს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტურიზმის ცენტრმა (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) და გამგეობის კულტურის სამსახურმა (უფროსი ირინე ჩხეიძე) ერთობლივად ჩაატარეს. კონკურსში ოცამდე ფილმი მონაწილეობდა. 8 აპრილს ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჟიურისგან შერჩეული საუკეთესო ფილმების ჩვენება-დაჯილდოება გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა თავიანთ ფილმებში საინტერესოდ ასახეს რეალობა, ორიგინალურად გადმოსცეს საკუთარი განცდები და დამოკიდებულებები, მხიარული ისტორიები.
„სკოლისაკენ,“ – ასე უწოდეს ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – რეჟისორმა გულნაზი მაქაძემ და ოპერატორმა ლიკა სიხარულიძემ თავიანთ ფილმს.
„სახალისო ისტორია“ გადაიღეს ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლევან გორგაძემ და გიორგი გრიგალაშვილმა. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეების – ნინო ჭყოიძისა და სალომე კვირიკაშვილისგან გადაღებულ „მიხაკებში“ ასახულია, თუ რისთვის და როგორ გადაწყვიტა მათივე თანატოლმა ყვავილების შესაძენად საჭირო თანხის გამომუშავება.
ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლის ნანიკო გოგოლაძის ფილმი „ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში“ დაცარიელებულ სოფლებს ეძღვნება, ხოლო ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე ფერიდე ბერაძის ფილმი „მე მინდა სახლი“ – სოციალურად დაუცველი მოზარდის პრობლემებს.
ეკოლოგიურ თემაზე შექმნა „ეტიუდი“ გიმნაზიის მოსწავლე ნინო ჭიპაშვილმა; სასკოლო ცხოვრებას ეხმიანება ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების – ბერიკა ებანოიძისა და გოგა აბაშიძის ფილმი „როგორ ამოვხსნათ განტოლება“.
სიყვარულის თემაზე შექმნეს ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ და შაკუნა ხიჯაკაძეებმა „ერთი სიყვარულის ისტორია“.
„ახდენილი ოცნება“ უწოდეს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ ლომიძემ, მარი ბლიაძემ და მარინა გოგოლაძემ თავიან ფილმს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძე ღონისძიებაზე მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს, ნორჩ რეჟისორებს, მსახიობებს, დადებითად შეაფასა მათი დებიუტი ამ ჟანრში და გამოთქვა იმედი, რომ ამ დებიუტატებს შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც მომავალში დახელოვნდებიან ამ მიმართულებით.
ნიკოლოზ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ კარგია, ახალგაზრდები კარგად რომ აზროვნებენ, რეალურად ხედავენ, ზუსტად აღწერენ და აფასებენ მოვლენებს.
ხათუნა მანჯავიძემ, კონკურსისა და მათი მონაწილეების შეფასების შემდგომ, ეკოლოგიის თემაზე შექმნილი ფილმი გამოარჩია და ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ სახელით ფილმის „ეტიუდი“ ავტორი ნინო ჭიპაშვილი დაასაჩუქრა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ამჟამად ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობს.
კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფილმი „ახდენილი ოცნება.“ სამსახიობო მონაცემებისთვის დაჯილდოვდნენ მერაბ ჭიპაშვილი (ხარაგაულის #3 სკოლა), ხატია ხიჯაკაძე (ვარძია), მიშა ციცქიშვილი და დავით წიქარიშვილი (ვერტყვიჭალა), ნინო ჭიპაშვილი (გიმნაზია), კესო შარიქაძე (ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა).
ორგანიზატორებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა ხევის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნუნუ ლომიძე.
ირინე ჩხეიძე, კულტურის სამსახურის უფროსი: -კინო ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია კულტურაში.
105 წლისაა უკვე ქართული კინო. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ვასილ ამაშუკელი, – პირველი კინოდოკუმენტალისტი მსოფლიოში, ვინც პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, წარმოშობით ხარაგაულელია. კულტურის სამინისტრო გვპირდება, რომ გადმოგვცემს კინოსაპროექციო აპარატს და მათივე პროექტით კვირაში ერთხელ საბავშვო ფილმებს ვაჩვენებთ ფართო ეკრანზე.
კონკურსის ორგანიზატორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, გამარჯვებული ფილმების ავტორებიდან და მონაწილეებიდან შეირჩევა 10-15 ბავშვი, რომლებიც ზაფხულში ჩაერთვებიან თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული კინოსტუდია „პიონერფილმის“ ყოველწლიურ პროექტში – კინობანაკი.
ლაურა გოგოლაძე
იხილეთ ფილმების ლინკები
http://bit.ly/1l02TOx
http://bit.ly/1ewOHd6
http://bit.ly/1p8WAtL
http://bit.ly/1ewP86Z
http://bit.ly/1qHj8iG
http://bit.ly/1t8jlOb
http://bit.ly/1hK2D48
http://bit.ly/1hI752i
http://bit.ly/RnV5Jw
http://bit.ly/1hK2U76
http://bit.ly/1eHzmH4
http://bit.ly/P4ukb0
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,