საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში სოციალური მუშაკების გაფიცვა მიმდინარეობს.

სოცმუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ქუთაისში მიმდინარე აქციაში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ოცდაათამდე სოცმუშაკი მონაწილეობს. იმერეთში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნათია წივწივაძის ინფორმაციით, სოცმუშაკები აქციას ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელებენ.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზეწოლა სოცმუშაკებზე იმერეთში არ დაფიქსირებულა, – ამბობს ნათია წივწივაძე „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან საუბარში, – თუ სოცმუშაკს გაფიცვის სურვილი არ ჰქონდა, შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილად შესრულება გაეგრძელებინა. ჩვენ, იმის მიუხედავად რომ ვიფიცებით, დაუყოვნებლივ გავალთ შემთხვევის ადგილზე, თუ საქმე ბენეფიციარის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეეხება.

სოცმუშაკების ერთადერთი მოთხოვნაა, გაგვიუმჯობესდეს მუშაობის პირობები, რომ ბენეფიციარებს ეფექტურად მოვემსახუროთ.“

დღეს ქუთაისში აქციაზე არ იმყოფება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი ციური ჩუბინიძე. მან ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს სრულად იზიარებს, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ქუთაისში წასვლა ვერ შეძლო.

„ამ დღეებში ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა და ამიტომ გაფიცვაში ვეღარ ჩავერთე, – ამბობს ციური ჩუბინიძე, – სრულად ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოთხოვნებს.

სოციალური მუშაკები ოცდაათი მიმართულებით ვმუშაობთ. ამ ბოლოს დაგვემატა საპროცესო წარმომადგენლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური მუშაკი როგორც საპროცესო წარმომადგენელი, პოლიციაში არასრულწლოვანის გამოკითხვას ესწრება. ეს, ზოგჯერ, რამდენიმე დღე გრძელდება. მაგალითად, მქონდა შემთხვევა, როცა ხარაგაულის პოლიციაში არასრულწლოვანის დაკითხვას შუადღის სამი საათიდან ღამის ორის ნახევრამდე ვესწრებოდი. საპროცესო წარმომადგენლად უნდა მონაწილეობდეს იურისტი, რომელიც ბევრი მუნიციპალიტეტის სოციალურ სააგენტოში, მათ შორის ხარაგაულში, არ გვყავს.

ამას დაემატა სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. მიწევს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სიარული. საქართველოში სოციალურ სფეროში რესურსი არასაკმარისია. ჩვენი მოთხოვნაა, დაემატოს კადრები და სამუშაო მიმართულებები შეგვიმცირდეს.“

სოცმუშაკებს მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.