დღეს, 21 მარტს, ტყეების დაცვის საერთაშორისო დღეს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი გაიმართა.

კონკურსში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. ეკოკლუბის ლიდერი ნანა ლაბაძე ერთი დღით გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

მეორე ადგილზე სენაკის მუნიციპალიტეტის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გავიდა, მესამე ადგილი წილად ხვდა თბილისის კერძო სკოლას „ქართული სასწავლებელი.“

ფინალში 32 სკოლა მონაწილეობდა, იმერეთიდან ექვსი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის, კიცხის, #2, ჭიათურის #1, #5, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლები.

ფინალის ათეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ბაზალეთისა და კიცხის საჯარო სკოლები მოხვდნენ.

ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ ეკოსპიკერი კესო ჩხიკვაძე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოს წარმომადგენლობამ პლანშეტით დააჯილდოვა.

ამ ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი თეა ტალახაძე გარემოს დაცვის სამინისტროს რჩეული გახდა.

ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ბაზალეთის სკოლის ერთდღიან ექსკურსიას დააფინანსებს.

კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბიმწვანე ხელები (სპიკერი შოთა ზვიადაძე) დაჯილდოვდა ბიბლუსის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით, ილუზიის მუზეუმის 10 ბილეთით, თბილისის ზოოპარკისაგან სამახსოვრო საჩუქრებით, ბანაკ „ანაკლიის“ ათდღიანი საგზურით. კიცხის სკოლა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითის“ რჩეული გახდა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

ნინო კაპანაძე