ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას  ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთი მასშტაბური აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ,  საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

„ჩვენ შარშან  საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – ეს არის არა  პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70%-იანი ფასდაკლება და ამ აქციით  5000-მა პირმა ისარგებლა.

თუმცა, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და  იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია.

2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას.  დღეისათვის  ასეთი მდგომარეობაა –  401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას.

შესაბამისად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის გვექნება,  როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი სრულიად უფასო.