ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, 2019 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარების პროგრამისთვის 550 000 ლარია განსაზღვრული.

ოპერაციის, მედიკამენტის, სამედიცინო კვლევისა და მომსახურეობის დაფინანსება ითვალისწინებს ოპერაციებისა და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსებას ერთჯერადად იმ თანხის 50%-მდე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ანაზღაურდება. თანადაფინანსება განისაზღვრება 101 ლარიდან არაუმეტეს 700 ლარამდე. ასევე გაიცემა სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება 50%-მდე, არაუმეტეს 500 ლარისა.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის გადასახდელი თანხა 2000 ლარზე მეტია, თანადაფინანსება გაიწევა 1000 ლარამდე. ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში დახმარება გაიწევა 1500 ლარამდე.

ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას ერთჯერად დახმარებას მედიკამენტების შესაძენად. კერძოდ: ეპილეფსიის, პარკინსონის, ბრონქიალური ასთმის და 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. დახმარება გაიწევა იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან C ჰეპატიტით დაავადებულებს ამ დაავადების სტადიის დასადგენ გამოკვლევებს სრულად დაუფინანსებენ.  

უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსური დახმარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში, არაუმეტეს 100 ლარისა, განისაზღვრა. წლის განმავლობაში ამ ქვეპროგრამისთვის 30 ათასი ლარი დაიგეგმა. ნანა კიკნაძის ინფორმაციით, თუ პირველი კვარტალის შემდეგ სხვა ქვეპროგრამებში თანხა გაუხარჯავი დარჩა, ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად გამოიყენებენ.

მოქალაქეები, რომელთაც 100 და მეტი წელი შეუსრულდათ, ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ.

2019 წელს სოციალურად დაუცველი და/ან უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისთვის 200 ლარი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.

ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სულ 2 ათასი ლარი განისაზღვრა. თითოეულ შემთხვევაში ოჯახზე, სარიტუალო ხარჯისთვის, 250 ლარი გაიცემა.

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 2019 წელს განსაზღვრულია სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება.

წელს სიახლეა ის, რომ განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვის მქონე შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მომვლელს ან მეთვალყურეს და არ არიან ფულადი სოციალური შემწეობის მიმღები, ყოველთვიურად 30-30 ლარს მიიღებენ.

ჰემოდიალიზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის ხარაგაულის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 100-100 ლარი გაიცემა, ლეიკემიით დაავადებულებისთვის  წელიწადში ერთხელ – 600 ლარი.

კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად განსაზღვრულია ფინანსური დახმარება წელიწადში 1000 ლარამდე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარების მიზნით წელიწადში 2 000 ლარი გაიცემა ომში დაღუპულთა იმ ოჯახებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები (არ ჰყავთ პირველი რიგის მემკვიდრე – დედა, მეუღლე, შვილი).

ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 100-100 ლარი გაიცემა.

9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულებზე ერთჯერადად 300 ლარი გაიცემა.

2019 წელს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კომუნალური ხარჯებისათვის თვეში 30-30 ლარს მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსინათლოები, ხოლო დევნილთა ოჯახები – 20-20 ლარს.

მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს და რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი, დახმარება განისაზღვრა ოთხი ბავშვის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ 200 ლარით და ყოველ მომდევნო ბავშვზე დაემატება 50 ლარი.

წელიწადში ერთხელ ხარაგაულის ბიუჯეტიდან მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, 200 ლარით დაეხმარებიან, 100 ლარით კი 21 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვებს, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი.

ახალშობილთა ოჯახების მხარდასაჭერად 2019 წელს დაბადებული ახალშობილთა ოჯახები პირველი ბავშვის შეძენისას 100 ლარს მიიღებენ, ყოველ მომდევნო ბავშვზე ფულადი დახმარება 50-50 ლარით იზრდება. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშობლებს 500 ლარი გადაეცემა.